ოთარ მიქელაძე: ,,არსიანმა” ორი მნიშვნელოვანი გასტროლი გადადო

ოთარ მიქელაძე: ,,არსიანმა” ორი მნიშვნელოვანი გასტროლი გადადო

– ბატონო ოთარ, ვიცით, რომ ყოველწლიურად თქვენი ანსამბლი არაერთ საერთაშორისო ტურნეს აწყობდა, რომლის დროსაც ქართულ კულტურასა და ხელოვნებას უცხოეთში მაღალ დონეზე წარმოაჩენდით. ანსამბლი არაერთი ჯილდოს მფლობელიცაა. თავდაპირველად გვითხარით, რომელი პროექტები ვერ განხორციელდება ამ ეტაპზე?
– ჯერ კიდევ კორონავირუსამდე ჩვენს სამოქმედო გეგმაში გათვალისწინებული იყო გაზაფხულზე ერთთვიანი გასტროლი ჩინეთში. მართალია, ანსამბლი იქ უკვე ნამყოფია, თუმცა ეს დიდი ხნის წინათ იყო და ახლა ორივე მხარეს ურთიერთობების აღდგენა გვსურდა. ამ ერთი თვის განმავლობაში `არსიანს~ ჩინეთის სხვადასხვა ქალაქში სოლო-კონცერტები უნდა გაემართა, რომელშიც მთლიანი შემადგენლობა – მოცეკვავეები, მომღერლები, ორკესტრი მიიღებდა მონაწილეობას (შემოქმედებით დასში სულ ასამდე ხელოვანია). მეორე, ასევე ერთთვიანი გასტროლი გველოდა ბელარუსის სხვადასხვა ქალაქში. მიწვეულები ვიყავით აგრეთვე პრესტიჟულ ფესტივალზე `სლავიანსკი ბაზარი~, რომელიც ბელარუსის პეზიდენტი ლუკაშენკოს პატრონაჟით ტარდება. ამ საერთაშორისო ფესტივალზე, რომელსაც ქალაქი ვიტებსკი მასპინძლობს, წელს საქართველოდან ჩვენი ანსამბლი და ბუბა კიკაბიძე მიიწვიეს. რა თქმა უნდა, გასტროლები გადაიდო. ვიტებსკის კულტურის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა მოგვწერა და სამომავლო თანამშრომლობაც შემოგვთავაზა.
– საგანგებო მდგომარეობის დროს მუშაობის ახალ გრაფიკზე იოლად გადაერთეთ?
– იძულებული გავხდით, შემოქმედებითი დასი მარტის დასაწყისიდან არდადეგებზე გაგვეშვა. საქმიანობა არა მხოლოდ ჩვენმა ანსამბლმა შეაჩერა, მსოფლიო აღმოჩნდა ახალ რეჟიმში. როგორც კი შეზღუდვები მოიხსნა, ახალი კორონავირუსით გამოწვეულ ინფექციასთან დაკავშირებული შემოქმედებითი საქმიანობის გასაახლებლად და კულტურული ღონისძიებების ჩასატარებელად საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტისგან, ასევე აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინიტროსგან ზოგადი რეკომენდაციები მივიღეთ. მინდა აღვნიშნო, რომ თადარიგი, მანამდეც დავიჭირეთ. ორი კვირის წინ მოცეკვავეებს ჯგუფ-ჯგუფად შევხვდით, შევთანხმდით, როგორი რეგულაცია შეგვეძლო შეგვეთავაზებინა ზემდგომი ორგანოებისთვის, როგორ იყო შესაძლებელი რეპეტიციების ჩატარება. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოცეკვავეებისთვის, საერთოდ, შემოქმედებითი დასისთვის და აგიხსნით – რატომ? არდადეგებზე მოცეკვავეებს, ტრადიციულად, აგვისტოში ვუშვებდით, ახლა კი მათ სამ თვეზე მეტი დაისვენეს იძულებით. აქედან გამომდინარე, აუცილებელი იყო ეგრეთ წოდებული, ფორმაში შესვლა. გამოუსწორებელი ოპტიმისტი ვარ და მჯერა, რომ კონცერტები, ღონისძიებები მალე აღდგება, მოცეკვავეებს კი მინიმუმ ორი თვე მაინც სჭირდებათ ფორმის აღსადგენად, ამიტომ ავუხსენით მათ, როგორ უნდა დაგვეწყო მუშაობა. . . ათ-ათი კაცი – ორი მეტრი დისტანციის დაცვით.
– კონკრეტულად როგორ ჩატარდება რეპეტიციები?
– მეცადინეობებს მოცეკვავეები დილის 10 საათიდან დაიწყებენ. ერთი ათკაციანი ჯგუფი შემოვა სპორტული დარბაზიდან, რომელსაც შესასვლელი გოგოლის ქუჩიდან აქვს და საკონცერტო დარბაზიდან ავა სცენაზე, მეორე ჯგუფი კი ცენტრალურ სარეპეტიციო დარბაზში შემოსასვლელიდან შემოვა. ისინი ერთმანეთისგან დამოუკიდებლად იმუშავებენ, რა თქმა უნდა, ყველა რეკომენდაციის დაცვით – თითოეულს ჩაუტარდება თერმოსკრინინგი, ხელების დეზიფენქცია, გაივლიან დეზობარიერს. რეპეტიციები ერთსაათიანი იქნება. როცა მუშაობას მორჩებიან, ნახევარი საათით იქვე შეისვენებენ, რომ ოფლიანები გარეთ არ გავიდნენ და 12-ის ნახევარზე სახლებში წავლენ. 12 საათზე კი მეორე ორი ჯგუფი შედის სამეცადინოდ და ყველაფერი ანალოგიურად მეორდება, ისინიც იგივე უსაფრთხოების პროცედურებს გაივლიან. ეს ჯგუფი რეპეტიციას 13 საათზე ამთავრებს, 2 საათზე ახალი ჯგუფი შედის. რაც შეეხება მომღერლებს, ისინი მეცადინეობებს 15 საათზე იწყებენ. გუნდი 12-კაციანია და მათი ერთად რეპეტიცია სავსებით შესაძლებელია. გუნდიც სარეპეტიციო ოთახში შესვლამდე ყველა პროცედურას გაივლის. ერთი სათის შემდეგ ისინი ტოვებენ ამ ოთახს. მანამდე, 11 საათზე, ამ ოთახში მუსიკოსები გაივლიან რეპეტიციას. მოცეკვავეები და ორკესტრანტები ერთმანეთს არსად ხვდებიან. ასე რომ, ჩვენ სარეკომენდაციო რეგულაციებს ზედმიწევნით ვიცავთ. ამისთვის ყველაფერი შევიძინეთ – დეზობარიერები, თერმომეტრები, ხელის სადეზიფენქციო სითხეები. სიტუაციიდან გამომდინარე, ჩვენთან თერმოსკრინინგი ორ ადგილზე ჩატარდება. ამისთვის მომუშავე პერსონალიც მზად არის. იციან, თუ ვინ და როდის უნდა დადგეს კარებში. ამ დღეებში ველოდებით შესაბამის ნებართვას, რომლის შემდეგაც გრაფიკის მიხედვით, სრული დატვირთვით შევუდგებით საქმიანობას. როგოც სპეციალისტები გვეუბნებიან, ახალ კორონავირუსთან თანაცხოვრება უნდა ვისწავლოთ. მე მაინც მჯერა, რომ მეცნიერები გამოიგონებენ პრეპარტს და ყველაფერი კარგად იქნება, თუმცა, მანმადე თითოეულმა ჩვენგანმა ყველაფერი უნდა გააკეთოს ვირუსის ახალი ტალღის თავიდან ასაცილებლად, ჩვენს თვითშეგნებაზეც ბევრია დამოკიდებული. სამედიცინო პერსონალმა, ეპიდემიოლოგებმა, პოლიციამ, ჯარმა ყველაფერი გააკეთა ადამიანების სიცოცხლის დასაცავად. როცა ყველაფერი ჩაივლის, ძალიან მინდა პირველი კონცერტი მივუძღვნა და მოვიწვიო სწორედ ეს ადამიანები. ისიც უნდა ვთქვა, რომ მომავალი წლის ზაფხულში ჩვენს ანსამბლს დაარსებიდან 100 წელი უსრულდება. იმედი მაქვს, ამ მნიშვნელოვან თარიღს ღირსეულად აღვნიშნავთ.

FACEBOOK კომენტარები