ენვერ ხაბაძე (E. Khabadze)

ენვერ ხაბაძე    (E. Khabadze)

გამოჩენილი ქართველი ქორეოგრაფი, საქართველოს
სახალხო არტისტი, მემედ აბაშიძის პრემიის ლაურეატი, ღირსების
ორდენის კავალერი.
დაიბადა 1923 წელს ქ. ბათუმში. სწავლობდა ბათუმის
ქორეოგრაფიულ სტუდიაში. 14 წლის ე.ხაბაძე აჭარის
ეთნოგრაფიულ გუნდში ჩაირიცხა და პირველ საგასტროლო
ტურნეშიც გაემგზავრა ქვეყნის სხვადასხვა რაიონში.
1944 წელს ენვერ ხაბაძე აჭარის სიმღერისა და ცეკვის
სახელმწიფო ანსამბლში მიიწვიეს ქორეოგრაფად. სწორედ აქ
მოამზადა და დადგა ცეკვები „ხორუმი“, „ყოლსამა“ (ვაჟებისთვის),
„დავლური-ქართულით“, „ოსური“ და „აფხაზური“. 1945 წელს
ე.ხაბაძემ დადგა „განდაგანა“. დადგმისას მან არაქართული
ელემენტებისგან გაათავისუფლა „ყოლსამა“ და ანსამბლში ჩართო
ქალები. ცეკვაში წამყვანი ადგილი დაიკავა ქალ-ვაჟის დუეტმა
ფატმა კობალაძისა და ჟანი რეზელიანის შესრულებით (დუეტი
იწოდა აჭარულ „ქალ-ვაჟიანად“).
1947 წელს ე. ხაბაძის ხელმძღვანელობით შეიქმნა ლაზ
მეთევზეთა ცეკვა „ლაზური“. მანვე აღადგინა „გადახვეული
ხორუმი“. საგულისხმოა, რომ ე.ხაბაძეს არც ამჯერად უღალატია
საკუთარი პრინციპისათვის, კერძოდ მან ცეკვაში ჩართო ქალები,
რადგან მიაჩნდა, რომ აჭარაში, თურქთა გაბატონებამდე ისინი
მამაკაცების მხარდამხარ ასრულებდნენ საზეიმო, სალხინო,
შრომით, სატრფიალო ცეკვებს.
ცოტა ხნის შემდეგ ე.ხაბაძემ ხელი მოჰკიდა ცეკვა „ოჰოი
ნანოს“ აღდგენას და განზრახვა ბოლომდე მიიყვანა კიდეც.
1948 წელს მან შემოქმედებითი მივლინებით სტაჟირება
გაიარა საქართველოს ქართული ხალხური ცეკვის სახელმწიფო
აკადემიურ ანსამბლში, რომელსაც სახელოვანი ნინო რამიშვილი
და ილიკო სუხიშვილი ხელმძღვანელობდნენ. აქ მან დადგა
„გადახვეული ხორუმი“ და „ლაზური“, ხოლო 1966 წელს ანსამბლის
საგასტროლო მოგზაურობის დროს ცეკვა „ხორუმიც“ დადგა.
111
აუცილებლად უნდა ითქვას, რომ ცეკვა „ხორუმში“
ჭიბონის პარტია სწორედ ე. ხაბაძემ შეიტანა.
ე. ხაბაძემ დიდი ღვაწლი დასდო აჭარის სახელმწიფო
თეატრს, სადაც არაერთი შესანიშნავი სპექტაკლის ქორეოგრაფიული ნაწილი გააფორმა.
1974 წლიდან ე. ხაბაძე იყო აჭარის სიმღერისა და ცეკვის
სახელმწიფო ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელი და მთავარი
ქორეოგრაფი. იქიდან წამოსვლის შემდეგ კი შექმნა სრულიად
ახალი სიმღერისა და ცეკვის ანსამბლი „ბათუმი“.
ე. ხაბაძეს ძალიან ბევრი გეგმა და ჩანაფიქრი ჰქონდა.
სამწუხაროდ ყველა მათგანის განხორციელება ვერ შეძლო.
იგი გარდაიცვალა 2001 წელს.

FACEBOOK კომენტარები