" />

ზუგდიდში ანსამბლ "ცისკარის" საიუბილეო კონცერტი გაიმართა

ზუგდიდში ანსამბლ "ცისკარის" საიუბილეო კონცერტი გაიმართა

"ხელოვნებისა და კულტურის განვითარების ცენტრმა" ბავშვთა და მოზარდთა სახალხო ქორეოგრაფიული ანსამბლი "ცისკარის"  საიუბილეო საღამოს უმასპინძლა. წელს ანსამბლს დაარსებიდან 20 წელი შეუსრულდა. 

ღონისძიებაზე "ცისკარი" მაყურებლის წინაშე 15 ცეკვისგან შემდგარი პროგრამით წარსდგა.



"ამ 20 წლის განმავლობაში ანსამბლი სისტემატიურად ატარებდა კონცერტებს და გუშინ შედგა 25-ე საიუბილეო სოლო კონცერტი, რომელშიც ძირითად შემადგენლობასთან ერთად, ნორჩი "ცისკარებელიც" იღებდნენ მონაწილეობას. ჯამში 200 მოცეკვავე იდგა სცენაზე, მათგან 70 არის ანსამბლის ძირითად შემადგენლობაში. კონცერტი "ცისკარის" პირველმა თაობამ დახურა. საქართველოს თითქმის ყველა კუთხიდან ჩამოვიდნენ ძველი მოცეკვავეები, სრულიად საქართველოს ქორეოგრაფია. ემოციებით სავსე იყო ეს დღე. ჩვენ მადლობას ვუხდით თითოეულ მოცეკვავესა და მშობელს გვერდში დგომისთვის, ნდობისთვის. გვქონდა არაერთი წარმატება, როგორც ჩვენს ქვეყანაში, ისე საზღვარგარეთ. მიუხედავად პანდემიისა, მოვახერხეთ, რომ ანსამბლი არ გაჩერებულიყო და გუშინდელმა საღამომ გვანახა, რომ "ცისკარი" ფორმაშია, ჩვენ ვაგრძელებთ ტრადიციებს, მთელი ოჯახით ჩართულები ვართ ანსამბლის საქმიანობასა და მეცადინეობებში", - გვითხრა "ცისკარის" დამფუძნებელმა, საქართველოს დამსახურებულმა ქორეოგრაფმა რომეო ბულიამ.

მან მადლობა გადაუხადა "ხელოვნებისა და კულტურის განვითარების ცენტრის" ხელმძღვანელსა და ადმინისტრაციას მხარდაჭერისთვის. 

"საღამოს მიმდინარეობისას გაგვიკეთეს სიურპრიზი - ანსამბლს დაუფინანსდა გასტროლი, სრული დაფინანსებით გავემგზავრებით.
ასევე, უდიდესი მადლობა საქართველოს ქორეოგრაფთა კავშირს, რომელმაც ჩემს მეუღლეს, მაკა გვიჩიას გადასცა "ბრწყინვალების ორდენი",
ასევე გაგვიწიეს შუამდგომლობა, რომ ანსამბლს გაეხსნას სახელობითი ვარსკვლავი", - თქვა "ცისკარის" ხელმძღვანელმა. 


კონცერტს საქართველოს ქორეოგრაფთა კავშირისა და აკადემიის წევრები, ქვეყნის მასშტაბით არსებული სხვა ანსამბლების მოცეკვავეები, ადგილობრივი
ხელისუფლების წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

FACEBOOK კომენტარები