„მომავლის ცეკვა“ - ბაჩანა ჭანტურიამ აფხაზეთის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის პროგრამა სრულად შეცვალა

„მომავლის ცეკვა“ - ბაჩანა ჭანტურიამ აფხაზეთის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის პროგრამა სრულად შეცვალა

ქორეოგრაფ ბაჩანა ჭანტურიას ცხოვრებასა და კარიერაში მცირე ხნის წინ გარდამტეხი ეტაპი დაიწყო. აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ, რუსლან აბაშიძემ აფხაზეთიდან  დევნილ მოცეკვავეს სახელმწიფო ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელობა შესთავაზა. ეს ის წინადადება იყო, რომელსაც შეიძლება ითქვას, ბაჩანა ჭანტურია მთელი ცხოვრება ელოდა - სულ უნდოდა, რომ მშობლიური მხარისთვის საქმის გაკეთების შესაძლებლობა მისცემოდა. ილიკო და ნინო სუხიშვილებსა და ანსამბლ „სუხიშვილებს“ დაემშვიდობა და იქ მიღებული უდიდესი გამოცდილებით, როგორც ქორეოგრაფი და მოცეკვავე, ახალი, განსაკუთრებული იდეებით მივიდა აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლში. 

ბაჩანა ჭანტურია: 
მთელი ჩემი ცხოვრება მინდოდა, აფხაზეთისთვის რამე გამეკეთებინა... სოხუმში დავიბადე. ძალიან მაძლიერებს ეს ყველაფერი. სიმართლე გითხრათ, როდესაც ბატონმა რუსლან აბაშიძემ ეს შეთავაზება გამიკეთა, არც კი დავფიქრებულვარ, ისე დავთანხმდი, მიუხედავად იმისა, რომ შემეძლო, ჩემი შემოქმედებითი ცხოვრება გამეგრძელებინა, როგორც მოცეკვავეს. გადავწყვიტე, რომ ამ ანსამბლის განვითარებაში მთლიანად ვყოფილიყავი ჩართული. 
სიმართლე გითხრათ, ამ შეთავაზებით ძალიან ბედნიერი დავრჩი, მაგრამ ვიგრძენი უდიდესი პასუხისმგებლობა ჩემი კუთხის, ჩემი საქმის, ჩემი ოჯახისა და საქართველოს წინაშე. ეს, უბრალოდ, „აფხაზეთი“ არ არის, ეს უბრალოდ ცეკვისა და სიმღერის ანსამბლი არ არის, ეს არის ხიდი,  რომელმაც დიდი როლი უნდა ითამაშოს ჩვენი და აფხაზეთში დღეს მცხოვრები ადამიანების შერიგებაში, თანაცხოვრებაში, მეზობლობაში, ნათესავობაში. ხელოვნება არის გზა, რომელსაც შეუძლია ააშენოს მტრობით დანგრეული. სწორედ ეს პასუხისმგებლობა ვიგრძენი ბატონ რუსლანთან პირველი საუბრის დროს. მზად ვარ, ეს უმძიმესი ტვირთი ვატარო შესაფერისად... 

რა იდეებით მიხვედით ანსამბლში და როგორ განახლდა პროგრამა?
2021 წლის 21 იანვარს დავინიშნე ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელად. ჩემი პირველივე აზრი იყო ის, რომ როგორც აფხაზეთი გამოირჩევა საქართველოს კუთხეებს შორის სილამაზით (თუმცა ყველა კუთხე, რასაკვირველია, ძალიან ლამაზია), ასევე ყოფილიყო ჩვენი ანსამბლიც ყველა კუთხით გამორჩეული სხვა ანსამბლებს შორის. მინდოდა, ახალგაზრდებისთვისაც მისაღები ყოფილიყო როგორც ქართული ქორეოგრაფია, ასევე სიმღერაც, ვგულისხმობ განვითარებას - ჩვენს ტრადიციებსა და წინაპრებს ვცემ უდიდეს პატივს, მაგრამ ვფიქრობდი, რომ ანსამბლის ცხოვრებაში სიახლის შეტანა უმნიშვნელოვანესი იყო. მაქსიმალურად შევეცადეთ, განგვევითარებინა როგორც ცეკვა, ასევე სიმღერა, მუსიკა. შევქმენით სრულიად ახალი კომპოზიციები, დავდგით ცეკვები, შეიკერა კოსტიუმები, რომლებიც მორგებულია ახალ მოძრაობებს. ჩვენ ვთქვით ჩვენი სათქმელი, რომელიც ასე ჟღერს - ჩვენ არ ვგავართ არც ერთ ანსამბლს, ჩვენი მიმდინარეობა არის სრულიად ახალი. გვაქვს სრული თავისუფლება მუსიკალურ და ქორეოგრაფიულ მიმართულებებში. გვყავს ორკესტრი, ბენდი, რომელიც ქმნის ტრადიციულ ფოლკლორულს, გათანამედროვე ქართულს და ასევე ელექტრონულ მუსიკას, მოძრაობებიც თავისთავად, ვითარდება. 
ჩვენს პროგრამას დავარქვით ქორეოგრაფიის ჟამთააღმწერელი, ანუ „ქორეონიკონი“, როგორ დაიწყო და როგორ განვითარდა - საწყისებიდან დღევანდელ დღემდე, ეს არის ჩვენი კონცეფცია, რომელიც მკაფიოდ არის გადმოტანილი ახალ პროგრამაში. ვიწყებთ ძველი ტრადიციულით და ვაგრძელებთ გათანამედროვებული ქორეოგრაფიით, ან პირიქით. 

პირველად წარდგენისას როგორი რეზონანსი ჰქონდა თქვენს ახალ პროგრამას?
2021 წლის დეკემბერში გვქონდა რუსთაველის თეატრში ამ პროგრამის პრემიერა. მას ესწრებოდნენ გამოჩენილი მოცეკვავეები და ქორეოგრაფები, ასევე ნინო და ილიკო სუხიშვილები. ყველა ელოდებოდა სიახლეებსაც, მაგრამ უფრო ტრადიციულ ცეკვებს, ასეთი მკაფიო და რადიკალური შეცვლა არ უფიქრიათ. რეალურად, მათ თქვეს, რომ ეს არის მომავლის ცეკვ,  ამიტომ ვფიქრობ, რომ ჩვენმა პროექტმა გაამართლა. 

როგორც „სუხიშვილების“ მოცეკვავეს, ტრადიციების პატივისცემა და ინოვაციების დანერგვა, თავად გაქვთ გამოვლილი. ილიკოსა და ნინოსგან რჩევები მუშაობის პროცესშივე მიიღეთ, თუ მათთვისაც სიურპრიზი იყო ახალი პროგრამის დეტალები?
„სუხიშვილებიდან“ ნინოსა და ილიკოს დალოცვით წამოვედი. მათ მითხრეს, რომ რეალურად შემიძლია ანსამბლ „აფხაზეთის“ განვითარება. დავეყრდენი ჩემს გამოცდილებას და ასევე განათლებას, რომელიც მიღებული მაქვს, როგორც ქორეოგრაფს. - პროფესიით დამდგმელი ქორეოგრაფი ვარ. მინდოდა, ყოფილიყო ჩემი ხედვით შექმნილი პროგრამა. იმ დრომდე მათთან კომუნიკაცია არ მქონია და მინდოდა, სცენაზე ენახათ ეს ყველაფერი პირველად. ეს იქნებოდა ჩემი გამოწვევა ახალ ამპლუაში, რა და როგორ შევქმენი...
არსებობს ვიდეო, რომელიც ჩვენი პროგრამის პრემიერაზეა გადაღებული - ილიკო სუხიშვილი ანსამბლის მიმართ ემოციასა და შეფასებას ფეხების ბაკუნით და აპლოდისმენტებით გამოხატავს. ეს იმას ნიშნავს, რომ მისთვის ეს ყველაფერი იყო სიახლე და ყველაზე მთავარი, რასაც ის ეძებდა და მეც, მასთან ერთად, „სულის ამოძახილი“. ნინოსა და ილიკოს შეფასება ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი იყო. მათ ხაზი გაუსვეს, რომ არანაირი მოძრაობა თუ ქორეოგრაფია „სუხიშვილებისგან“ არ ამიღია და ეს იყო სრულიად ჩემი შექმნილი. დამსწრე საზოგადოებამაც აღნიშნა, რომ ეს არის სრულიად ახალი სიტყვა ქართულ ქორეოგრაფიაში. სხვათა შორის, სუხიშვილები იმ საღამოს დუბაიში მიფრინავდნენ, ამის მიუხედავად, მთელი დასი მოვიდა ჩემს მხარდასაჭერად. 

როგორც ქორეოგრაფი, მკაცრი ხართ? როგორ მიგიღეს ანსამბლის წევრებმა?
რეორგანიზების შედეგად, დასის 80% შეიცვალა, დაგვემატნენ ახალი მოცეკვავეები, მუსიკოსები და მომღერლები, კასტინგის შედეგად. მე ვიყავი მოცეკვავე და მოცეკვავის შრომის ფასი კარგად ვიცი, ისევე, როგორც მუსიკოსების. სიმკაცრე აუცილებელია, მაგრამ სიყვარულით, მოფერებითა და თანადგომით ვმუშაობ. მათთან ერთად ვცეკვავ დილის 10 საათიდან, ვდგამთ ქორეოგრაფიას. არ ვასრულებ მხოლოდ კაბინეტურ სამუშაოს. გრძნობენ, რომ მათთან ერთად ვარ. ჩემი მიდგომა ანსამბლის მიმართ უპირველესად იწყება სიყვარულით. მათ გადაწყვეტილი აქვთ პროფესიონალიზმი და არ სჭირდებათ ჩემი თითის ქნევა. 
თქვენ, როგორც „სუხიშვილების“ ანსამბლში ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ მოცეკვავეს, როგორც ტალანტით, ასევე გარეგნული მონაცემებით, არ გენატრებათ სცენაზე დგომა ანსამბლთან ერთად?
დიდი მადლობა ასეთი შეფასებისთვის!.. ისე გადმოვერთე ანსამბლ „აფხაზეთის“ საქმიანობაში, რომ მონატრების დრო არ მაქვს, სიმართლე რომ გითხრათ. თუ ეს ანსამბლი არ შევიყვარე ისე, როგორც მას ეკადრება, სხვას ვერ შევაყვარებ. ახლა ვცხოვრობ მხოლოდ მომავლით, მხოლოდ აფხაზეთის სახელმწიფო ანსამბლით. 

რა არის თქვენი საბოლოო მიზანი ამ ანსამბლში? რა სახე გინდათ ჰქონდეს მას წლების შემდეგ?
ჩემი ოცნება და მიზანი ისაა, რომ ანსამბლმა გააგრძელოს მოღვაწეობა აფხაზეთში და ჩემს აქ ყოფნაში ჩვენ უნდა ვიცეკვოთ სოხუმში... 
რაც შეეხება განვითარებას ხელოვნების კუთხით - ეს ანსამბლი ეკუთვნის ყველას, მინდა, მისი მოცეკვავეები და მუსიკოსები გავიდნენ საზღვრებს გარეთ. მინდა, რაც დღეს არის ტენდენციური მსოფლიოში, ის შევძლოთ ჩვენ, ოღონდ ქართული გენებითა და ტრადიციებით და ამის შესაძლებლობა ამ ანსამბლს აქვს. დარწმუნებული ვარ, „აფხაზეთი“ მალე მსოფლიო ასპარეზზე გავა!.. 

ინტერვიუ: ნინო მურღულია 

იხ.წყარო
FACEBOOK კომენტარები