ფოთის მერმა ფრიდონ სულაბერიძესა და ომარ მხეიძეს ფოთის საპატიო მოქალაქის წოდება მიანიჭა

ფოთის მერმა ფრიდონ სულაბერიძესა და ომარ მხეიძეს ფოთის საპატიო მოქალაქის წოდება მიანიჭა

ფოთში ქართული ფოლკლორის კოლხურ-ლაზური ცეკვებისა და სიმღერების ფესტივალი გაიმართა, სადაც ქალაქის მერმა გოჩა კურდღელიამ ქართული ქორეოგრაფიის ორ ლეგენდას, ფრიდონ სულაბერიძესა და ომარ მხეიძეს ფოთის საპატიო მოქალაქის წოდება მიანიჭა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ ფოთის მერიიდან აცნობეს, ფესტივალზე მაყურებლის წინაშე საქართველოს სხვადასხვა რაიონიდან ჩასული 20-ზე მეტი ანსამბლი და ასევე, უკრაინელი მონაწილეები წარსდგნენ.
ფესტივალის საზეიმო დახურვის ცერემონიალს ფოთის მერი გოჩა კურდღელია, საკრებულოს თავმჯდომარე ბექა ვაჭარაძე, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეები დაესწრნენ.
„საქართველოს სახალხო არტისტს, საქართველოს სახელმწიფო პრემიის მფლობელს, საქართველოს სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლ ,,რუსთავის“ ხელმძღვანელს, ბატონ ფრიდონ სულაბერიძეს და საქართველოს სახალხო არტისტს, საქართველოს ქორეოგრაფთა კავშირის საპატიო თავმჯდომარეს, პრეზიდენტის ეროვნული პრემიის ლაურეატს, ქართული კულტურის რაინდს, ღირსების ორდენის კავალერს, ქართული ცეკვის საუკუნის მოცეკვავეს, უმაღლესი ქორეოგრაფიული ჯილდოს ,,საუკუნის მოცეკვავე-ლეგენდარული ომარ მხეიძე“ მფლობელს ომარ მხეიძეს, ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის, ფოთელთა სიყვარულისა და პატივისცემის ნიშნად, საპატიო ფოთელის წოდება მიენიჭათ.
ფესტივალის დასასრულს, ქალაქის ცენტრალური პარკის მიმდებარედ, ჯანო ბაგრატიონის სახელობის ქორეოგრაფიული ანსამბლის „ლაზიკა“ ვარსკვლავი გაიხსნა.

,,ქართული ფოლკლორის კოლხურ-ლაზური ცეკვებისა და სიმღერების ფესტივალ- კონკურსი“ 2007 წლიდან ყოველწლიურად ტარდება. ფესტივალი ემსახურება კოლხურ-ლაზური ფოლკლორის აღდგენა-განვითარებას, ხალხური შემოქმედებითი მემკვიდრეობისადმი მოზარდი თაობის ინტერესის გაღრმავებას, კულტურული დონის ამაღლებას, მეგობრული ურთიერთობების ჩამოყალიბებას და ანსამბლების შემოქმედებითი გამოცდილების ურთიერთგაზიარებას“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

იხ.წყარო
FACEBOOK კომენტარები