სუხიშვილები - ცეკვით მოყოლილი საქართველოს ისტორია

სუხიშვილები - ცეკვით მოყოლილი საქართველოს ისტორია

საქართველოში თითქმის ვერ იპოვით ადამიანს, ვისაც სუხიშვილების შესახებ არ სმენია. შეიძლება ითქვას, რომ სწორედ ამ გვარის წარმომადგენლებმა შეუწყეს ხელი ქართული ცეკვის პოპულარიზაციას არა მხოლოდ საქართველოში, არამედ საზღვარგარეთაც. ქართული ცეკვა დღეს უკვე ქართული იდენტობის ნაწილად ითვლება და ეროვნული სიამაყეა, ხშირად ქართულ ცეკვასა და პატრიოტიზმს შორისაც ავლებენ პარალელებს. სუხიშვილების დამსახურებაა, რომ დღეს თანამედროვე ახალგაზრდებს, ბავშვებს ცეკვისადმი სურვილი და ინტერესი უჩნდებათ. ანსამბლი „სუხიშვილები“ უკვე ბრენდია, რომელმაც ისტორიაში საკუთარი ადგილი დაიმკვიდრა, გაუძლო დროს, სირთულეებს, კრიტიკას და 75 წელზე მეტია სხვადასხვა, განახლებული ვარიაციებით წარდგება მაყურებლის წინაშე.

ქართული ცეკვა ქართული იდენტობის ნაწილია
სუხიშვილი
ნინო რამიშვილი და ილიკო სუხიშვილი
ყველაფერი კი ცეკვის უსაზღვრო სიყვარულიდან და ილიკო სუხიშვილის ოცნებიდან დაიწყო, რომ შეექმნა ქართული ცეკვის ანსამბლი. ილიკო სუხიშვილს, ნინო რამიშვილს, სოლიკო ვირსალაძესა და მათ მეგობრებს ამ იდეის განხორციელებისას ბევრი წინაღობა შეხვდათ, ერთ-ერთი კი მეორე მსოფლიო ომის დაწყება იყო. მიუხედავად ყველაფრისა, მეგობრები, რომლებსაც ცეკვისადმი სიყვარული აერთიანებდათ, ახერხებდნენ პატარ-პატარა კონცერტების ჩატარებას, რეპეტიციებს კი სახლში გადიოდნენ. 1945 წელს ანსამბლი „სუხიშვილები“ ოფიციალურად დაარსდა.
ნინო რამიშვილი და ილიკო სუხიშვილი
1945 წელს ანსამბლი „სუხიშვილები“ ოფიციალურად დაარსდა
კომუნისტების ხანაში, მაშინ როდესაც ყველაფერი განსხვავებული იკრძალებოდა და ინდვიდიზუალიზმს ეჭვით უყურებდნენ, ანსამბლმა ხალხური ცეკვის მოტივით დაიწყო ფუნქციონირება, თუმცა შეზღუდვების პირობებშიც კი, ილიკო სუხიშვილი და ნინო რამიშვილი მაინც ახერხებდნენ იმპროვიზაციას. ამავე წელს პირველი გასტროლი ჰქონდათ ფინეთში, ეს იყო საზღვრების გარღვევა, პირდაპირი და ირიბი მნიშვნელობით, რადგან მანამდე საბჭოთა კავშირის არცერთ ფოლკლორულ ანსამბლს ამის საშუალება არ მისცემია. პირველივე გასტროლს წარმატება ხვდა წილად. უცხოელები აღტაცებაში მოიყვანა ხალხური ცეკვის ორიგინალურმა ილეთებმა, თავისებურმა ხიბლმა, თვალისმომჭრელმა, უცხო კოსტიუმებმა, რომლებიც სოლიკო ვირსალაძის შემოქმედებას ეკუთვნოდნენ. ფინეთს დანია მოჰყვა, შემდეგ ევროპის სხვა ქვეყნები: ინგლისი, იტალია და სხვები. კონცერტები ანშლაგებით იმართებოდა მსოფლიოს მასშტაბით, ანსამბლზე საერთაშორისო პრესაშიც წერდნენ. სუხიშვილებმა, ჯერ მანამდე არარსებული პრეცენდენტი შექმნეს: დაიპყრეს ლა სკალას სცენა, ეს იყო პირველი ფოლკლორული ანსამბლი, რომელმაც გაბედა და შემოქმედება ლა სკალას დიად სცენაზე წარადგინა.
„სუხიშვილები“ ბრენდია, რომელიც 75 წელზე მეტია სხვადასხვა, განახლებული ვარიაციებით წარდგება მაყურებლის წინაშე
ნინო რამიშვილი
ნინო რამიშვილი და ანსამბლი „სუხიშვილები“
ბევრი ცეკვა, რომელიც დღეს ხალხურად მიიჩნევა, სწორედ სუხიშვილების პირველი თაობის  დადგმულია და მათი წარმოსახვის ნაყოფია. ანსამბლის მოღვაწეობას ხვდებოდნენ კრიტიკით, გაკვირვებითაც, მაგრამ წყვილი მუდამ ავითარებდა და ხვეწდა ხალხური ცეკვის ქორეოგრაფიულ ილეთებს. წლიდან წლამდე იცვლებოდა მოძრაობა, დგამდნენ ახალ ცეკვებს ან ძველს გადააკეთებდნენ, ართულებდნენ ილეთებს, ოღონდ ისე დახვეწილად და შეუმჩნევლად, რომ მაყურებლისთვის თვალშისაცემი არ ყოფილიყო.
სუხიშვილები
სუხიშვილების ახალი თაობის თამამ პროექტებს ზოგიერთი სკეპტიკურად უყურებს, თუმცა ცოტამ თუ იცის, რომ თვითონ ძველი თაობის წარმომადგენლები თავიანთი ეპოქის რევოლუციონერებად ითვლებოდნენ, რომლებიც სულ ახლის აღმოჩენასა და იდეების გენერირებაში იყვნენ. ვინ წარმოიდგენს, რომ ცეკვები, რომელებიც უფროსი სუხიშვილების მიერ  40-იან წლებში იდგმებოდა და დღეს უკვე კლასიკად იქცა, იმ პერიოდშიც განსჯისა და განკითხვის საგანი იყო. თავად ნინო რამიშვილი ამბობდა, რომ ანსამბლი მუზეუმი არ არის და ცვლილებებისთვის ღია უნდა იყოს. მაგალითად, წითელი ჩოხა სცენაზე, იმ დროინდელი საზოგადოების ზოგიერთი წარმომადგნელისთვის მოულოდნელი და მიუღებელი აღმოჩნდა, თუმცა შემდეგ დამკვიდრდა და დღეს ტრადიციული ჩაცმულობის ატრიბუტად ითვლება.  
ანსამბლი მუზეუმი არ არის და ცვლილებებისთვის ღია უნდა იყოს, - ნინო რამიშვილი
ანსამბლი სუხიშვილები
ნინო რამიშვილი რეპეტიციის დროს
კომუნისტების პერიოდზე არანაკლები სირთულეების გადალახვა მოუწია სუხიშვილების მეორე თაობას, თენგიზ სუხიშვილის ხელმძღვანელობით, რომელსაც მემკვიდრეობად გარდა სუხიშვილების ანსამბლისა, პოსტ კომუნისტური ქვეყნის მძიმე მდგომარეობა ერგო: სიდუხჭირის, გაჭირვების ხანა, როცა ქვეყანაში არც ცეკვისთვის ეცალა ვინმეს და არც კულტურისთვის, ადამიანების მთავარი საფიქრალი კი არსებობისთვის ბრძოლას წარმოადგენდა. სუხიშვილებმა ამ პერიოდსაც გაუძლეს და ამჟამად ანსამბლის სათავეში სუხიშვილების მესამე თაობა, ილიკო სუხიშვილისა და ნინო რამიშვილის შვილიშვილები დგანან. სუხიშვილების ყველა თაობა ე.წ. სცენის მტვერში იზრდებოდა, თუმცა სუხიშვილების ბოლო თაობას ანსამბლი პირდაპირ მემკვიდრეობით არ რგებიათ, მათ ყველაფერი დიდი შრომის ფასად ჩაიბარეს და შეინარჩუნეს.
ილიკო და ნინო სუხიშვილები
დღეს „საქართველოს ნაციონალური ბალეტის“, სუხიშვილების შემოქმედებითი და სამხატვრო ხელმძღვანელი უმცროსი ილიკო სუხიშვილია, რომელიც ქმნის ახალ ცეკვებს და მუსიკაზე მუშაობს, ხოლო ადმინსიტრაციული საქმიანობით, კოსტიუმების შექმნითა და პროდიუსერობით მისი და, ნინო სუხიშვილია დაკავებული, რომელიც გარკვეული პერიოდის განმავლობაში ანსამბლის მოცეკვავეც იყო. ნინო სუხიშვილს ჰქონდა შესაძლებლობა, რამდენიმე წელი სულიკო ვირსალაძესთან ერთად ემუშავა დამხმარედ, რამაც თავისთავად მის შემოქმედებით ხედვაზეც იქონია გავლენა და ახლა, როცა უკვე 20 წელზე მეტია თავად ქმნის კოსტიუმებს, დიდი ვირტუოზისგან უშუალოდ მიღებული გამოცდილებაც ეხმარება შექმნას მოცეკვავეების სამოსი ცეკვის დინამიკის, გარემოსა და განწყობის შესაბამისად.
სუხიშვილები
სუხიშვილებს დღეს ოფიციალურად „საქართველოს ნაციონალური ბალეტი“ ეწოდებათ; ეს ლოგიკურიცაა, რადგან ცეკვა, რომელსაც დგამენ, ოდითგანვე ბალეტიდან იღებდა სათავეს, ყველაფრის საფუძველი ბალეტი იყო. თვითონ ნინო რამიშვილი და ილიკო სუხიშვილიც საბალეტო სკოლის თვალსაჩინო წარმომადგენლები იყვნენ და ქართულ ცეკვას ამდიდრებდნენ სხვადასხვა ვარიაციებით, საბოლოოდ კი კლასიკური ბალეტისა და ხალხური ცეკვის მშვენიერი ნაზავი გამოვიდა. მიუხედავად იმისა, რომ სუხიშვილების ცეკვა ეროვნულ საფუძვლებზეა აგებული, ილეთები ხალხურია, მოძრაობებშიც ჭეშმარიტად ქართული სულსიკვეთება იგრძნობა, საბოლოოდ მაინც ბალეტის სახე აქვს, ოღონდ, კლასიკურისგან იმით განსხვავდება, რომ ეს არის თანამედროვე, ე.წ. მოდერნ ბალეტი, როცა ფოკუსი მხოლოდ სოლისტზე კი არ არის მორგებული და დანარჩენი მოცეკვავეები ანტურაჟის ნაწილია, არამედ თითოეული მოცეკვავე გამიჯნულია ერთმანეთისგან, თუმცა საბოლოო ჯამში სინქრონულ, ერთიან სცენას ქმნიან.
sukhishvili
სუხიშვილების მესამე თაობის წარმომადგენლების აზრით, ქართული ქორეოგრაფია იმდენად ამოუწურავია, რომ მუდამ შეიძლება მისი ბაზისად გამოყენება და რამდენიმე მოძრაობით ახალი ცეკვის შექმნა, დავიწყებული ძველის გაცოცხლება. თვალსაჩინოდ შეიძლება შეიცვალოს მხოლოდ კოსტიუმები, რომლის მიღმაც ავთენტური, ქართული კლასიკური ცეკვის მოძრაობებია. მათი აზრით, ცეკვა ადამიანის ემოციურ მდგომარეობას გადმოსცემს, ხალხის მეობას, მათ ყოფას, ცოცხალი ორგანიზმია და ის მუდამ უნდა იცვლებოდეს; რომ გადარჩეს, ცხოვრების სტილს უნდა აუწყოს ფეხი. ცვლილებები თვითონ დრომ მოიტანა. ასე შეიქმნა უმცროსი სუხიშვილების თაობის ექსპერიმენტული პროდუქტი „ასსაც“, რომელსაც უფრო მეტი გახსნილობა ახასიათებს და შეზღუდვები არ აქვს. უმცროს თაობას კარგად აქვს გააზრებული, რომ ფოლკლორთან ურთიერთობა მეტისმეტად საფრთხილოა, ერთდროულად ტრადიციული საფუძვლების შენარჩუნება და თანამედროვე მოტივებზე გადასვლა, ისევე ხარისხიანად და იგივე მუხტით უნდა წარმართონ, როგორც ამას თავად  ილიკო სუხიშვილი და ნინო რამიშვილი ახერხებდნენ, ეს კი დიდი პასუხისმგებლობაა.
ჯეირანი
„ასსა“-ს პუბლიკა არაერთგვაროვანი რეაქციით შეხვდა, თუმცა განსაკუთრებული მოწონება ახალგაზრდებში დაიმსახურა. მას მრავალი ახალი პროექტიც მოჰყვა. ბოლოდროინდელი თანამედროვე პროგრამებიდან გამოირჩევა  „ტრანსფორმაცია“, რომლის სამხატვრო ხელმძღვანელიც ილიკო სუხიშვილია. ეს იყო ექსპრომტად შექმნილი ცეკვა, რომელიც ელექტრონულ მუსიკაზე გაკეთდა, შემდეგ კი უკვე პროექტის სახეც მიეცა. მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოების რეაქცია მოულოდნელი აღმოჩნდა, სუხიშვილებმა გადაწყვიტეს კიდევ უფრო დაეხვეწათ და ფორმა მიეცათ იდეისთვის. ილიკო სუხიშვილის აზრით, თუ რამე არ მოსინჯე, არ ეძიე, ისე ვერ განვითარდები, ამიტომაც ცდიან ათასნაირ ვარიაციას, როგორც პლასტიკაში, ისე მუსიკაში. მიმიკა, ჟესტიკულაცია, გამოხედვა - ეს ის დეტალებია, რომლებსაც ცეკვაში ხაზი აქვს გასმული და ცეკვა უფრო მეტყველი ხდება. თუმცა ქართული იდენტობის ჩარჩოს არ ცდებიან, ანსამბლის ხელწერა და სტილი უცვლელია. თვლიან, რომ თუ ცვლილებები და ექსპერიმენტები გარკვეულ ზღვარს გადავა, იდეა შეიძლება საერთოდ გაფუჭდეს და ის ხარისხი ვერ მიიღონ, რაც ჩაფიქრებული ჰქონდათ.
თუ რამე არ მოსინჯე, არ ეძიე, ისე ვერ განვითარდები, - ილიკო სუხიშვილი
სუხიშვილები
სუხიშვილებს აქტივობები არც პანდემიის დროს შეუჩერებიათ და ახალი პროგრამაც შესთავაზეს მაყურებელს, სახელწოდებით „არტეფაქტები“, რომელიც ანსამბლმა სექტემბერში წარადგინა საკუთარ სცენაზე (სცენას „თაკარა“ ჰქვია და ქალაქთან ახლოს, დაბა ნაფეტვრებში მდებარეობს). ნინო სუხიშვილის თქმით, „არტეფაქტები“ თავდაპირველად ერთჯერად პროექტად იყო ჩაფიქრებული, თუმცა შემდეგ დაიხვეწა. თუ მანამდე ცეკვაზე იყო აქცენტი გაკეთებული, ახალ პროექტში ყურადღება დაეთმო მუსიკას, ჩაერთო ჯაზისა და ალტერნატიული მუსიკის ელემენტები და ასე შედგა ეს სინთეზი, რომელიც ფოლკლორის საფუძველზეა შექმნილი და რაც მთავარია - გაკეთებულია ხარისხიანად, რომელიც დიდი შრომისა და გემოვნების გარეშე, ასეთი ეგზოტიკური და მიმზიდველი ვერ გამოვიდოდა.  ამრიგად, შეიძლება ითქვას, რომ სუხიშვილების ამჟამინდელი შემოქმედება, ერთის მხრივ ძველი ტრადიციული ცეკვის შენარჩუნება და მეორეს მხრივ კი ძველისთვის ახალი სიცოცხლის მინიჭება და თანამედროვე ვარიაციით წარმოჩენაა. შესაბამისად, არჩევანი მაყურებლის გემოვნებისთვის მიგვინდია - გნებავთ კლასიკური ხალხური ცეკვის საღამოს დაესწარით, გნებავთ ელექტრონული ჟღერადობის მუსიკის ფონზე უყურეთ თანამედროვე შოუს ორიგინალური ცეკვით, რომლის საფუძველი მაინც ძველი ქართული ფოლკლორია.
 
ავტორი: თეონა მჭედლიშვილი

იხ.წყარო
FACEBOOK კომენტარები