"ოქროს ფარი“ – 25 წელი ხელოვნების სამსახურში

"ოქროს ფარი“ – 25 წელი ხელოვნების სამსახურში


ოქროს ფარი“
– 25 წელი ხელოვნების სამსახურში თითქოს გუშინ იყო, როდესაც ხაშურში ხმა დაირხა, რომ ახალი ფოლკლორული ანსამბლი იქმნებოდა, თითქოს ერთი გაელვების წინ იყო, როდესაც „ოქროს ფარი“ პირველად გამოჩნდა ხაშურის სცენაზე და მაშინვე მიიქცია ყურადღება. არადა, რა ერთი გაელვება... 25 წელი გასულა - მეოთხედი საუკუნე. ბევრი რამ მოასწრო ამ ხნის განმავლობაში ანსამბლმა. მხოლოდ საზღვარგარეთ მოვლილი ქვეყნების ჩამონათვალიც კმარა იმის დასტურად, როგორ პროფესიონალურ დონეს მიაღწიეს - საბერძნეთი, ესპანეთი, პოლონეთი, აზერბაიჯანი, თურქეთი, ისრაელი... ყველგან ოვაციებით ხვდებოდნენ ხაშურელ ხელოვანებს, ყველგან აღფრთოვანებულნი იყვნენ ქართული ცეკვის სიდიადით და სილამაზით. ეს ყველაფერი კი მართლაც შესანიშნავი სამეულის - ნელი იაშვილის (ანსამბლის დირექტორი და დამფუძნებელი), პაატა თედიაშილის (სამხატვრო ხელმძღვანელი) და ნონა თედიაშვილის (ქორეოგრაფი) დამსახურებაა, რომელთა მხრებზეც გადაიარა ანსამბლის შექმნის, ჩამოყალიბების თუ შემდეგი არცთუ იოლი გზების მთელმა სიმძიმემ. სწორედ მათი მაღალი პროფესიონალიზმია ის ბალავარი, რაზეც მთელი ამსამბლის წარმატება დგას. ასეულობით მოზარდი დაფრთიანდა მათი ხელმძღვანელობით, ასეულობით მოზარდი ეზიარა მაღალ ხელოვნებას, ასეულობით მოზარდმა გაისისხლხორცა ქართული ფოლკლორი, რაც ძალიან, ძალიან ბევრს ნიშნავს. დასახული მიზანი და აღებული გეზი არასოდეს შეუცვლია ანსამბლს-მხოლოდ მაღალი ნიშნული, მხოლოდ უმაღლესი თამასა. და აი, კიდევ ერთი წარმატება, რომელიც ამ დღეებში მოიპოვეს ოქროსფარელებმა - ბათუმის საერთაშორისო „არტ-ფოლკ ფესტში“ გამარჯვება და ლაურეატის წოდება. ცალკე დაჯილდოვდა ანსამბლის დირექტორი ნელი იაშვილი - ხელოვნებაში შეტანილი დიდი წვლილისა და ღვაწლისათვის. მართლაც ბრავო, „ოქროს ფარი“. ისინი ექვსი საცეკვაო ნომრით წარსდგნენ ჟიურისა და მაყურებლის წინაშე და ექვსივე ნომრით აღაფრთოვანეს ყველა. ბათუმის მუსიკალურ ცენტრში და ბულვარის საზაფხულო თეატრში გამართულმა მათმა კონცერტებმა უამრავი მაყურებელი მიიზიდა და ეს არც იყო გასაკვირი, რადგან მათი მარალი საშემსრულებლო ოსტატობა ისედაც ცნობილი იყო წინასწარ. ვულოცავთ „ოქროს ფარს“ ამ წარმატებას, ვულოცავთ ქალბატონ ნელის, ქალბატონ ნონას, ბატონ პაატას ამ კიდევ ერთ აღიარებას, ვულოცავთ ანსამბლის თითოეულ წევრს დამსახურებულ გამარჯვებას და გვჯერა, ისინი კიდევ ბევრჯერ ასახელებენ ხაშურს და მთელ საქართველოს. P.შ. ამ დღეებში ცნობილი გახდა, რომ `ოქროს ფარი~ (უფროსი თაობა) მიწვეულია არაბთა გაერთიანებულ საამიროებში (ქ. დუბაი). დარწმუნებულები ვართ, თუ კოვიდრეგულაციებმა ხელი არ შეუშალათ და გასტროლი შედგა, იქაც დიდი წარმატება ელით.

იხ.წყარო
FACEBOOK კომენტარები