ქართული ცეკვის ზეიმი ვიდეოკლიპის პრეზენტაცია

ქართული ცეკვის ზეიმი ვიდეოკლიპის პრეზენტაცია

ბათუმის ხელოვნების ცენტრში წარმოდგენილი ვიდეოკლიპის პრემიერას უამრავი მაყურებელი დაესწრო, რომელთა შორის მრავლად იყვნენ ჩვენი ქალაქის სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლები
პრემიერა უფრო ადრე უნდა შემდგარიყო, მაგრამ ქალაქში დატრიალებული მძიმე ტრაგედიის გამო, რა თქმა უნდა, გადაიტანეს და 5 ნოემბერს გამართული პრეზენტაციაც სწორედ მათ ხსოვნას მიუძღვნეს. რაც შეეხება თავად კლიპს, იგი საქართველოს სახალხო არტისტის ენვერ ხაბაძის ხსოვნას ეძღვნება.
ამ, მართლაც საინტერესო, რამდენიმეწუთიანი, მაგრამ ძალიან დასამახსოვრებელი კლიპის იდეა ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის მთავარ ადმინისტრატორ ჯაბა სალუქვაძეს (რომელიც კლიპის სადადგმო ჯგუფის შემადგენლობაშია ქორეოგრაფ შალვა გოგუაძესთან ერთად) და მუსიკალური ცენტრის დირექტორ გიორგი მიქელაძეს ეკუთვნით.
პანდემიის დროს, ისევე როგორც ყველგან, ბათუმის მუსიკალური ცენტრიც მუშაობის სხვა ფორმატში გადავიდა. მათ საინტერესო ვიდეოკლიპების გადაღება დაიწყეს. ამ ხნის განმავლობაში ექვსი კლიპი მომზადდა. იმ საღამოს მსმენელმა სამი იხილა. თავდაპირველად ვნახეთ ის ორი კლიპი (ქორეოგრაფიულ ანსამბლ `ბათუმზე~ და ვაჟა აზარაშვილის სიმღერაზე `საქართველო, გამარჯობა შენ~ შექმნილი), რომელთა პრეზენტაციაც ადრე მოეწყო და რომლებსაც დიდი მოწონება ხვდა წილად. კლიპში სიმღერას მომღერალი აჩიკო გოგიტიძე კაპელასთან ერთად ასრულებს. იმ საღამოს მომღერალმა კიდევ ერთხელ შეგვისრულა ეს არაჩვეულებრივი სიმღერა, შემდეგ კი საღამოს წარუძღვა.
მან შეგვახსენა ბატონ ენვერ ხაბაძის მიერ განვლილი ნაყოფიერი შემოქმედებითი გზა.
ქართველი მოცეკვავე და ქორეოგრაფი, საქართველოს დამსახურებული არტისტი, ახალგაზრდობისა და სტუდენტთა მსოფლიო ფესტივალის ლაურეატი ენვერ ხაბაძე დაიბადა ბათუმში 1923 წლის 12 დეკემბერს. მან 1939 წელს დაამთავრა ბათუმის ქორეოგრაფიული სასწავლებელი. იყო აჭარის სიმღერისა და ცეკვის ანსამბლის ჯერ მოცეკვავე (ეთნოგრაფიული გუნდის), შემდეგ სოლისტი და ქორეოგრაფი. 1974 წლიდან მისი სამხატვრო ხელმძღვანელი და მთავარი ქორეოგრაფია. 1948 წელს დააარსა ფილარმონიის `კავკასიური ცეკვის ანსამბლი~ (ეს იყო პირველი ქორეოგრაფიული ანსამბლი აჭარაში), 1967 წელს კი ანსამბლი `სალაღობო~. დადგა 100-ზე მეტი ცეკვა. მან პირველად გამოიტანა სცენაზე და ქორეოგრაფიულ სამყაროს გააცნო აჭარული სატრფიალო ცეკვა და სახელიც თავადვე უწოდა – `განდაგანა~. რეპერტუარში შეიტანა ცეკვები `გადახვეული ხორუმი~ და `ოჰოი-ნანა~.
1948 წელს ენვერ ხაბაძემ ნინო რამიშვილისა და ილიკო სუხიშვილის მიწვევით, საქართველოს ცეკვის აკადემიურ ანსამბლში დადგა `გადახვეული ხორუმი~ და `ლაზური~, 1966 წელს – `ხორუმი~. სხვათა შორის, ენვერ ხაბაძემ პირველმა შემოიტანა ქორეოგრაფიის მუსიკალურ ნაწილში ჭიბონის ხმოვანება. დგამდა ცეკვებს დრამატული თეატრებისთვის. მისი ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ, რა თქმა უნდა, უფრო ვრცლად ორი წლის შემდეგ იტყვიან, როცა მისი დაბადებიდან 100 წლისთავს იზეიმებენ

– კლიპში გადაღებული საცეკვაო ნომერი რამდენიმე წლის წინ გავაკეთეთ და იმდენად შთამბეჭდავი გამოვიდა, გადავწყვიტეთ, კლიპში აგვესახა და შემოგვენახა, რადგან ესეც ხომ ჩვენი ისტორიაა. არ გვინდოდა, სუპერეფექტებით შეგველამაზებინა, სადა, თბილი გვსურდა და გამოვიდა კიდეც. იგი მივუძღვენით ადამიანს, რომელმაც სამი ბრწყინვალე ცეკვა შექმნა – `განდაგანა~, `გადახვეული ხორუმი~ და `ლაზური~, – გვითხრა ჯაბა სალუქვაძემ.
სითბოთი და სიყვარულით ისაუბრეს კიდევ ერთ ვეტერანზე, ახლახან გარდაცვლილ ქორეოგრაფ ნუგზარ შალიკაშვილზე, სხვებზეც. . . ეს მოგონებების საღამოც იყო. გაიხსენეს გადაღების ეპიზოდები, ითქვა, თუ როგორი შემართებითა და მონდომებით აკეთებდნენ ყველაფერს.
კლიპის შემდეგ სცენაზე გამოჩნდნენ ისინი, ვინც მასში მონაწილეობს – შალვა გოგუაძე (იგი ვიდეოკლიპის ქორეოგრაფიცაა), მერაბ დოლიძე, გელა კაჭარავა, ელდარ მჟავია, ნუგზარ მიქაძე, გიზო სარჯველაძე, დავით აფხაზავა. გამოჩენისთანავე ოვაციითა და ტაშით მიეგება მათ დარბაზი, რაც საღამოს ბოლომდე თითქმის არც შეწყვეტილია. ემოციებს ბოლო არ უჩანდა. ქვემოთ სწორედ დარბაზში მსხდომთა ამ ემოციებს წარმოგიდგენთ.

მირანდა ბაღდადიშვილი, ენვერ ხაბაძის სახელობის სახელმწიფო ქორეოგრაფიულ ანსამბლ `ბათუმის~ ქორეოგრაფ-რეპეტიტორი:
– მართლაც დაუვიწყარი დღე იყო და ემოციის გარეშე საუბარი გამიჭირდება. ბატონ ენვერ ხაბაძეზე ბევრს არ ვილაპარაკებ, რადგან მისი ღვაწლი და დამსახურება ცნობილია როგორც აჭარის, ისე მთლიანად ქართული საცეკვაო ფოლკლორის განვითარებაში. ანსამბლი `ბათუმი~, რომელიც მის სახელს ატარებს, მთლიანად მისი პროდუქტია, მისი დაფრთიანებული თაობაა, რომელიც უკვე შევიდა შუახნის ასაკში, როცა სცენაზე მოღვაწეობას თავს ანებებენ, მაგრამ გული მაინც სავსე აქვთ ცეკვის ჟინით. ხომ ნახეთ, რა ემოცია მოდიოდა სცენიდან, ცრემლის გარეშე ვერც მოცეკვავეებმა ვუყურეთ, ყველას სცენაზე ასვლა და მათთან ერთად ყოფნა მოგვინდა. ეს ის დაუვიწყარი თაობაა, რომელმაც ბევრი გააკეთა ქართული საცეკვაო ხელოვნების განვითარებისთვის. მათ გაიარეს ბატონი ენვერ ხაბაძის კლასი, ვინც არაერთი წონადი სიტყვა თქვა პრაქტიკული მოღვაწეობის დროს. ისინი მართლაც შესანიშნავი შემოქმედები და პედაგოგები არიან. ბატონი შალვა გოგუაძე, მოგეხსენებათ, ბრწყინვალე შემოქმედია, ამჟამად ანსამბლის მთავარი ქორეოგრაფი. მისი შემოქმედებითი მარაგი ამოუწურავია, არაჩვეულებრივი ადამიანია. . . ძალიან კარგია, რომ ხელოვანის ნაღვაწი მომავალ თაობას აი, ასე, ამ კლიპის სახით დარჩება. რაც დღეს ამ სცენაზე მოხდა – ძველი და ახალი თაობის სასწაული კოლაბორაცია, დიდი სტიმულია იმ ადამიანებისთვის, ვისაც ამ ხელოვნებაში მოსვლა და დამკვიდრება უნდა.
მერაბ დოლიძე, ქორეოგრაფი:
– დიდი ბედნიერებაა, რომ ჩემი თაობა, ვინც დღეს სცენაზე გამოვდიოდით, ბატონი ენვერის ხელში გავიზარდეთ. გარკვეული მიზეზების გამო დღეს არაერთი გვაკლდა. გვინდოდა, გულით მიგვეძღვნა ეს საღამო ბატონი ენვერისთვის, ამიტომ ყველანი ბოლომდე დავიხარჯეთ. ისეთი ემოციები დაგვეუფლა, თითქოს თავიდან დავიბადეთ, თავიდან ვეზიარეთ ხელოვნებას. ენით აუწერელი სიამოვნება მივიღეთ, თითქოს გავახალგაზრდავდით. შალვა გოგუაძემ შესანიშნავად იმუშავა, რათა ასე ეფექტურად წარმოეჩინა ჩვენი და ახალი თაობის სინთეზი. ხედავდით კიდეც, ახალგაზრდები როგორ ფრინავდნენ სცენაზე და ჩვენც სწორედ ის გვინდა, რომ მამებს სჯობდნენ შვილები. ეს ხომ ერის ყოფიერების წარმოსახვაა, რომელშიც ყველაფერია ჩადებული – როგორ გვიყვარს, ვშრომობთ, ვომობთ, როგორი რაინდები ვართ. ეს ყველაფერი იკითხება სცენიდან.
გელა კაჭარავა, ქორეოგრაფი:
– აჭარის სახელმწიფო ანსამბლში 15 წლის ასაკიდან ვცეკვავდი. მთელი ჩემი ცხოვრება ბატონ ენვერთან ვმუშაობდი და მინდოდა, ამ საღამოს ყველაფერი კარგად წარმართულიყო. თითოეულმა ჩავდეთ მთელი სიყვარული, ახალგაზრდობა დაგვიბრუნდა. გაგვიჭირდა ცოტათი, მაგრამ, ვფიქრობ, ცუდი არ იყო. ამ დიდებულ შემოქმედს ჩვენი თაობა თავისებურად მოეფერა.
შალვა გოგუაძე, ენვერ ხაბაძის სახელობის სახელმწიფო ანსამბლის მთავარი ქორეოგრაფი:
– ეს დიდი ემოცია მოდის იმ ღვაწლმოსილი ქორეოგრაფის შემოქმედებიდან, რომელიც ბევრისგანაა გამორჩეული. იგი ერის და, საერთოდ, მსოფლიო მასშტაბის მოაზროვნე ქორეოგრაფია. ასეთი ადამიანები ერთეულებია, რომელთა შემოქმედებაც ეროვნულ კულტურას განსაზღვრავს. აქედან გამომდინარე, ბატონი ენვერ ხაბაძე უნიკალური მოვლენაა თავისი სახე-პორტრეტით კლასიკურ გალერეაში, ჩვენთვის და უფრო ახალგაზრდა თაობის მოცეკვავეებისთვის ეს ადამიანი არის შთაგონების წყარო და, რა თქმა უნდა, ვიცოდით, რომ ეს დღე ყველასთვის ემოციურად დატვირთული და დიდი პოზიტივის მომტანი იქნებოდა.
გენო ჭელიძე, აჭარის ქორეოგრაფთა კავშირის თავმჯდომარე, ღირსების ორდენის მფლობელი:
– აჭარაში კონცერტები და საღამოები არ გვიკვირს, მაგრამ ეს იყო რაღაც ისეთი მსუბუქი და ამასთან, ემოციებით დატვირთული, რომ კაცი იფიქრებდა, ექსპრომტად იყო მოფიქრებული და გაკეთებული, ეს კი აღგვაფრთოვანებდა – რა ლამაზი გამოვიდაო. დრო ისე ჩაილია, რომ გაშეშებული დავრჩი. შალვა გოგუაძეს `დიდი შალვა~ შეიძლება უწოდო. ასაკოვანი, ყოფილი მოცეკვავეები ახალგაზრდებთან ერთად შესანიშნავად ცეკვავდნენ. შალვა გოგუაძემ, ჯაბა სალუქვაძემ, გიორგი მიქელაძემ, თითოეულმა, ვინც სცენაზე იდგა, დაუვიწყარი საღამო გვაჩუქა. დღეს ქართული ცეკვის ნამდვილი ზეიმი იყო. დიდ ენვერთან 15 წელი ვიმუშავე, ყოველთვის ვიამაყებ. დიდი მადლობა ყველას, ვინც ეს ზეიმი მოგვიწყო.
აკაკი ძნელაძე, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე:
– ისტორიული საღამო იყო. ამ კლიპის გადაღების პროცესის შესახებ ვიცოდი. იმ ემოციებსაც, რითაც კლიპი იყო დატვირთული, გადაღების დროსაც ვხედავდი, მაგრამ თუ ასეთი საღამო შედგებოდა, ასეთი ემოციით, ნამდვილად არ მეგონა. ეს მოცეკვავეები ახალგაზრდებად დარჩნენ, ესენი ასეთი შემართებით ხვალაც იქნებიან და რამდენიმე წლის შემდეგაც.
ბადრი სირაბიძე, ბათუმელი:
– ეს სასწაული იყო – ცრემლის, სიხარულის, ემოციების, სევდის საღამო. ყველანი გახარებული ვართ, ერთმანეთსაც შევხვდით დიდი ხნის უნახავები. დიდი სიყვარულია ეს – ჭეშმარიტი ბათუმელობა. შესანიშნავი კლიპი იყო. უცრემლოდ ვერ ვუყურეთ.
თამაზ ნიკოლაიშვილი, მუსიკისმცოდნე:
– დაუვიწყარი საღამო იყო, ამ პანდემიის გამო მსგავს შეხვედრებს მონატრებულია ბათუმი. რაც დღეს ჩატარდა, ისეთი ემოციური იყო, რომ ეს საკუთარი თვალით უნდა გენახა, ამის მოყოლა შეუძლებელია. კარგი იქნება, თუ ამ გამორჩეულ საღამოზეც გაკეთდება კიდევ ერთი კლიპი.
. . .ძველი და ახალი თაობა თითქოს ერთმანეთს ეჯიბრებოდა ცეკვაში. ასაკოვნები ტოლს არ უდებდნენ ახალგაზრდებს, ახალგაზრდები კულისებიდან სიყვარულით უცქეროდნენ და ტაშით ამხნევებდნენ, აღტაცებით შეჰყურებდნენ მათ. ზუსტად ასე ეფერებოდნენ უფროსები უმცროსებს და თითქოს გულში უნდოდათ ჩაეკრათ თითოეული. უდიდესი მუხტი მოდიოდა სცენიდან. ზოგიერთი მომენტი სუნთქვას გიჩერებდა. ეს ნამდვილად იყო ქართული გენის დიდი ზეიმი. საღამომ გვიჩვენა, რომ ჭეშმარიტი ხელოვნება უკვდავია, რომ მას წლები ვერაფერს აკლებს.
ვიდეოკლიპის ოპერატორი და მონტაჟი ეკუთვნის გიორგი შკუბულიანს, მუსიკალური გაფორმება – რუსლან მახარაძეს, ალექსანდრე ჩაჩანიძეს, არანჟირება – იასონ ხომერიკს. მუსიკოსები: როლანდ კოჩალიძე, ედუარდ სამნიძე, თენგიზ ოქრუაშვილი, მხატვრული განათება – კახა გიგინეიშვილი, სცენის მთავარი მემანქანე – დავით გოგიტიძე, ტექნიკური მენეჯერი – ვაჟა ცისკარიძე.




იხ.წყარო
FACEBOOK კომენტარები