banner
banner
banner
banner

ქართული ცეკვის სადიდებლად მოვლენილი ხელოვანი

ქართული ცეკვის სადიდებლად მოვლენილი ხელოვანი

მანანა ძიძიშვილი 598 24 94 97

თამაზ ბეჟანიძე – 80

3 ივნისს 80 წელი შეუსრულდებოდა ჩვენი კუთხის ერთ-ერთ გამორჩეულ ხელოვანს, აჭარის დამსახურებულ არტისტს, ბათუმის საპატიო მოქალაქეს თამაზ ბეჟანიძეს
პანდემიის გამო მისი საიუბილეო თარიღი მოკრძალებულად, მაგრამ ორიგინალურად აღნიშნეს აჭარის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლ `არსიანში~, სადაც წლების განმავლობაში ამავე ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელი და დირექტორი გახლდათ. სცენაზე შეიკრიბა დასი, სიმბოლურად 80 სანთელი აუნთო და საგალობელით პატივი მიაგო ადამიანის ხსოვნას, რომელმაც დიდი ღვაწლი დასდო ამ კოლექტივს.
თამაზ ბეჟანიძე დაიბადა ბათუმში, დაამთავრა #№1 ვაჟთა საშუალო სკოლა. მუშაობა დაიწყო აჭარის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლში მოცეკვავე-მსახიობად, პარალელურად შოთა რუსთაველის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტზე სწავლობდა, რომლის დამთავრებისთანავე მუშაობა საქართველოს ფილარმონიის აჭარის განყოფილებაში საესტრადო ანსამბლ `ბათუმის~ მოცეკვავე-მსახიობად დაიწყო. მოიხადა სამხედრო სავალდებულო სამსახური. იქიდან დაბრუნებულს, აჭარპროფკავშირის სახალხო ქორეოგრაფიული ანსამბლის ხელმძღვანელობა ჩააბარეს. მოგვიანებით სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა – იყო აჭარის მუსიკალურ-ქორეოგრაფიული საზოგადოების ქორეოგრაფი, მეთოდისტი, სამხატვარო ხელმძღვანელი. აქვე ჩამოაყალიბა და ხელმძღვანელობდა ვეტერან მოცეკვავეთა ანსამბლ `მაჭახელას~ და ახალგაზრდულ ქორეოგრაფიულ ანსამბლ `ბათუმს~.
1976-2007 წლებში იყო ბათუმის მოსწავლე ახალგაზრდობის პარკის პოპულარულ ქორეოგრაფიულ ანსამბლ `გაზაფხულის~ ხელმძღვანელი. 2010 წლიდან ანსამბლი `ჩააბარა~ ქორეოგრაფ მარიკა სიხარულიძეს, რომელიც დღესაც მისი ხელმძღვანელია და თამაზ ბეჟანიძის ტრადიციებს აგრძელებს. სიმბოლურია, რომ `გაზაფხულში~ წლების განმავლობაში ცეკვავდა ბატონი თამაზის შვილიშვილი ანი იოსელიანი.
თამაზ ბეჟანიძეს განხორციელებული აქვს ქორეოგრაფიული დადგმები ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის სპექტაკლებში, მოსკოვის სახალხო ანსამბლებში `კოლხიდასა~ და `ივერიაში~, სომხეთის ტატულ ალთუნიანის სახელობის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლში, კიშინიოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის სახალხო ქორეოგრაფიულ ანსამბლში, დოკუმენტურ ფილმებში `ტრადიცია გრძელდება~, `ქართული ხალხური ცეკვები~, `ჩემი ბათუმი~. მისი ხელწერით არაერთი ქორეოგრაფიული ილეთი შემორჩა, მათ შორის განსაკუთრებულია `მხარული~ ცეკვაში `განდაგანAAა~.
სხვადასხვა დროს თავმჯდომარეობდა აჭარის ქორეოგრაფიის მოღვაწეთა კავშირს. 1997-2008 წლებში ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის კულტურის ცენტრისა და ანსამბლ `ტბეთის~ ხელმძღვანელი იყო. საგასტროლო ტურნეებით მსოფლიოს არაერთი ქვეყანა მოიარა. 2004 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე აჭარის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელი და დირექტორი გახლდათ.
1981 წელს მიენიჭა აჭარის დამსახურებული არტისტის წოდება, 1999 წელს ღირსების ორდენით დააჯილდოვეს, 2009 წელს კი `საპატიო ბათუმელის~ წოდება მიანიჭეს. დაჯილდოებულია საქართველოს სახალხო განათლების წარჩინებულის სამკერდე ნიშნითა და აჭარის დამსახურებული არტისტის საპატიო სიგელით. გარდაცვალების შემდეგ ენვერ ხაბაძის სახელობის პრემია მიანიჭეს.
აჭარის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლ `არსიანის~ პიარმენეჯერის ირინა ჩახვაძის დახმარებით ჩავწერეთ ის ადამიანები, ვინც მას კარგად იცნობდა, ჰქონდა მასთან კოლეგიალური ურთიერთობა. . .
ლაუზ (რეზო) ჭანიშვილი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, პროფესორი, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, ღირსების ორდენის კავალერი, ბათუმისა და ქუთაისის საპატიო მოქალაქე:
– თამაზ ბეჟანიძე იყო დიდი ქორეოგრაფი, დიდებული მამულიშვილი. ჩემი ბავშვობის უახლოესი მეგობარი, ყველას მეგობარი და ძმა… მან ცეკვა პიონერთა პარკის ანსამბლში დაიწყო. გაუმართლა ენვერ ხაბაძეს, რადგან ის იყო მისი ერთ-ერთი გამორჩეული მოცეკვავე. თამაზ ბეჟანიძემ არაერთ ანსამბლში წარმოაჩინა თავი როგორც მოცეკვავემ და ქორეოგრაფმა, რომლის დამაგვირგვინებელი იყო აჭარის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო დამსახურებულ ანსამბლში ნაყოფიერი შემოქმედებითი მოღვაწეობა. მან დიდი ღვაწლი დასდო ქართულ საცეკვაო ხელოვნებას.
ფრიდონ სულაბერიძე, სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, საქართველოს სახალხო არტისტი, თბილისისა და ბათუმის საპატიო მოქალაქე, ანსამბლ `რუსთავის~ ქორეოგრაფიული დასის ხელმძღვანელი:
– თამაზ ბეჟანიძე მარტო ჩემი კი არა, ყველა იმ ქორეოგრაფის მეგობარი იყო, ვინც იმ პერიოდში მოღვაწეობდა და ახლაც მოღვაწეობს. იყო დიდებული ხელოვანი, საოცრად სტუმართმოყვარე ადამიანი – ბათუმში ჩამოსვლისას ყოველთვის ჩვენი გულღია და გულთბილი მასპინძელი იყო. ხსოვნა და არ დავიწყება თამაზ ბეჟანიძეს, ნათელში განისვენოს მისმა უკვდავმა სულმა.
გელოდი ფოცხიშვილი, ქართულ ქორეოგრაფიულ ანსამბლ `მეტეხის~ დამაარსებელი და ხელმძღვანელი, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, საქართველოს ხელოვნების ქურუმი:
– როდესაც ლაპარაკია ქართველ მოცეკვავეებზე, შეუძლებელია არ გაიხსენო ისეთი ბრწყინვალე ხელოვანი და პიროვნება, ქორეოგრაფი, ეროვნული სულისკვეთების ადამიანი, როგორიც იყო თამაზ ბეჟანიძე. ის ჩემი კარგი მეგობარი გახლდათ. ეს საუცხოოდ კარგი მოცეკვავე, წარმოუდგენელ მანერაში ცეკვავდა `აჭარულს~. ის ახალგაზრდა წავიდა ამ ქვეყნიდან და დაგვიტოვა თავისი გამორჩეული ილეთები. ღმერთმა აცხონოს მისი სული. ყოველთვის გვემახსოვრება და გვეყვარება თამაზ ბეჟანიძე.
ოთარ მიქელაძე, აჭარის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლ `არსიანის~ დირექტორი, ბათუმის საპატიო მოქალაქე, ხელოვნების ქურუმი:
– დღეს ვიხსენებთ საქართველოს ბრწყინვალე მოქალაქეს, ბათუმის კოლორიტს თამაზ ბეჟანიძეს. ის იყო ჩემი უფროსი მეგობარი. ახალგაზრდობის პერიოდში მქონდა ბედნიერება და პატივი, მასთან ერთად მეცეკვა. მაშინ აჭარის კოოპერატივთა კავშირთან არსებულ ქორეოგრაფიულ ანსამბლში, რომლის მთავარი ქორეოგრაფი ჩემი გამზრდელი გივი ჩიხლაძე გახლდათ, ბატონი თამაზის გვერდით ცეკვავდნენ ქართული ქორეოგრაფიის ისეთი კორიფეები, როგორებიც იყვნენ ლაუზ (რეზო) ჭანიშვილი, გურამ ბაკურაძე, ზაურ ლაზიშვილი, იური (ციმციმა) ცინცაძე, თამაზ ჯახუტაშვილი, ომარ კომახიძე, გურამ აბესაძე, ჯემალ ჩიჩუა, სხვები. . . რა თქმა უნდა, მათთან ერთად ცეკვა ჩემთვის დიდი პატივი იყო. თამაზ ბეჟანიძე ასევე ცეკვავდა აჭარის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო დამსახურებულ ანსამბლში და როცა ამ ანსამბლის ხელმძღვანელად დაინიშნა, ძალიან გამიხარდა. მან ანსამბლს ახალი სუნთქვა შთაბერა, ბევრი თაობა გაზარდა, მათ შორის, `არსიანის~ დღევანდელი მთავარი ქორეოგრაფი გიორგი (გოგიტა) ჭანიშვილი. დღეს რომ ბატონი თამაზი ცოცხალი იყოს, ორმაგად გაახარებდა ის, რომ მისი გაზრდილი დღეს ამ ანსამბლის მთავარი ქორეოგრაფია. თამაზ ბეჟანიძე `განდაგანის~ უბადლო შემსრულებელი იყო. მისი ილეთი `მხარული~ საქართველოს ქორეოგრაფიულ საზოგადოებას განსაკუთრებულად ახსოვს. ეს ილეთი ანსამბლის რეპერტუარში უკვდავვყავით. ბატონი თამაზი დიდი პიროვნება, ერთგული მეგობარი, მადლიანი, სიკეთის მთესველი ადამიანი იყო, ამიტომაც უყვარდა სრულიად საქართველოს, აჭარას, ბათუმს. რომ არა უკურნებელი სენი, თამაზი ჩვენ გვერდით იქნებოდა. დასანანია მისი ამ ქვეყნიდან უდროოდ წასვლა. ნათელი მის სულს.
გიორგი ჭანიშვილი, აჭარის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლ `არსიანის~ მთავარი ქორეოგრაფი:
– ჩემი ბედნიერი ბავშვობა, შემოქმედებითი გზა მის სახელს უკავშირდება. მეამაყება, რომ მისი აღზრდილი ვარ. ის იყო მეგობრობის, სიყვარულის, კაცთმოყვარეობის მაგალითი. არისტოკრატიული ბუნებით, რაინდული თვისებებით გამოირჩეოდა. იყო ბრწყინვალე მოცეკვავე, ქორეოგრაფი, პედაგოგი. მისი აღზრდილები ვცდილობთ ვიცხოვროთ და ყველაფერი ვაკეთოთ ისე, როგორც მან გვასწავლა. მშობელ მამასავით გვედგა გვერდით და ამით გულით ხარობდა. ეს სულით მდიდარი ადამიანის თვისებაა. ჩემი საცეკვაო კარიერის გაგრძელება და ქორეოგრაფად ჩამოყალიბებაც მისი დამსახურებაა, რასაც დღემდე ვუმადლი. ჩემს ქორეოგრაფიულ ხელწერას მკაფიოდ დაჰყვება მისი კვალი. თამაზ ბეჟანიძემ დიდი სიყვარული და სითბო დატოვა, ამიტომაა, რომ ვისაც მასთან ურთიერთობა ჰქონია, ვერ ივიწყებს, გამორჩეულად იხსენებს. მადლობა უფალს, რომ ასეთი მასწავლებელი მარგუნა. ჩემს წარმატებას სახელად თამაზ ბეჟანიძე ჰქვია.
ირინე ჩახვაძე, აჭარის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლ `არსიანის~ პიარმენეჯერი:
– თამაზ ბეჟანიძემ ქართულ ქორეოგრაფიას მიუძღვნა თავი, შესძინა ცეკვის მარგალიტები, დიდი კორიფეების კვალდაკვალ დატოვა საკუთარი ხელწერა. ქართული ცეკვის სადიდებლად მოვლენილმა ხელოვანმა მის ისტორიაში ოქროს ასოებით ჩაწერა საკუთარი სახელი და გვარი. მთელი ცხოვრება ღირსეულად განვლო, რუდუნებით ემსახურა ქართულ ხელოვნებას, ამიტომაც მოიპოვა ყველას სიყვარული.

იხ.წყარო
FACEBOOK კომენტარები