სოლიკო ვირსალაძე – Soliko Virsaladze

სოლიკო ვირსალაძე – Soliko Virsaladze

სოლიკო ვირსალაძე დიდი ქართველი მხატვარი-სცენოგრაფი სოლიკო (სიმონ) ვირსალაძე დაიბადა თბილისში, 1909 წელს, ოჯახში, სადაც სულით-გონითი კულტურის პირველადობა ფასეულობათა რიგში და ამასთან, ეროვნული სული უმთავრესი იყო. დედა, ელენე მუსხელიშვილი, რუსეთის იმპერიის არმიის ერთ-ერთი საუკეთესო ოფიცრის, ეფრემ მუსხელიშვილის ქალიშვილი იყო.1 ადრე დაობლდა დედით, ზრდიდა დეიდა, ვერა აბულაძე. აბულაძეების ოჯახი ქართული ინტელიგენციის ერთ-ერთ საუკეთესო ნაწილს წარმოადგენდა. ელენემ წარმატებით დაამთავრა წმინდა ნინოს სათავადაზნაურო პანსიონი და სწავლა განაგრძო შვეიცარიაში, ჟენევის უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტზე. ამასთან, იგი კარგად მღეროდა და ხატავდა. სწორედ ეს ფართო ინტერესებია უმთავრესი მთელი ოჯახისთვის კულტურაში, მეცნიერებასა თუ ხელოვნებაში! ელენეს ძმა, იოსები, მიუხედავად იმისა, რომ სამხედრო პირი არ ყოფილა, ქვეყნის დამოუკიდებლობის ჟამს ქართულ ჯარში შევიდა და გაიარა მძიმე გზა კოჯრიდან ბათუმამდე... სადაც დაიღუპა კიდეც გენერალ გიორგი მაზნიაშვილის მიერ ბათუმიდან თურქების ჯარის ნაწილების გაძევებისას. დაკრძალულია თანამებრძოლებთან ერთად ბათუმში. სოლიკოს მამა, ბაგრატ ვირსალაძე სასულიერო პირთა ოჯახიდან იყო, დაამთავრა პეტერბურგის სასულიერო აკადემია, სადაც ფართო განათლებას იძლეოდნენ. მან ასევე მიიღო ეკონომიკური განათლებაც საგადასახადო სფეროში. პირველი ქართული რესპუბლიკის დროს იყო საგადასახადო სამსახურის უფროსი. ბაგრატ ვირსალაძე 1937 წლის რეპრესიებს შეეწირა. აღსანიშნავია, რომ თეატრი მის დიდ, ჭეშმარიტ გატაცებას წარმოადგენდა და შვილებიც: სოლიკო და მისი ორი და – თინათინი და ელენე (ლოლოტა) ხშირად დაჰყავდა სპექტაკლებზე. ასე რომ, თეატრით გატაცება სოლიკოს ხატვასთან ერთად ბავშვობიდან მოსდევდა, ისევე როგორც დიდი მეგობრობა და სიახლოვე დებთან. თინათინი სწავლობდა როგორც სამხატვრო აკადემიაში, ისე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ისტორიის ფაკულტეტზე. ელენე ლიტერატურას გაჰყვა, იყო ფოლკლორის ჩინებული მცოდნე და ფართო განათლების მქონე მითოლოგიის სფეროში. ყოველივე ეს ინტერესები – ხატვის, მუსიკის, თეატრის, ისტორიის, მითოლოგიის, ქართული თუ მსოფლიო ხელოვნების, ბავშვობიდან მოსდგამდა და ამან, ცხადია, ნაყოფიერი შედეგი გამოიღო მის მთავარ საქმიანობაში. სცენოგრაფი არ არის უბრალოდ დეკორის შემქმნელი მხატვარი თუ კონსტრუქტორი, იგი სპექტაკლის დადგმის თანაავტორია. სოლიკო ვირსალაძეს ფრიად ნაყოფიერ საქმიანობასთან ერთად მუსიკალურ თეატრთან (ოპერასა და ბალეტთან) ერთად ნამუშევარი აქვს დრამატულ თეატრშიც, და კინოშიც კი (კოსტიუმების მხატვრობა). იგი, რა თქმა უნდა, ღმერთისგან ბოძებული ნიჭით ფერმწერი იყო, კოლორიტის არაჩვეულებრივი გრძნობით. მაგრამ მისი მოღვაწეობა თეატრში და პირველ რიგში მუსიკალურ თეატრში, ბალეტში, არ შემოიფარგლა მხოლოდ თუნდაც ძალიან დახვეწილი მხატვრულ-ფერწერული გაფორმებით. თეატრი, განსაკუთრებით მუსიკალური ხომ სინთეზური ხელოვნებაა, ანუ ეს არ არის ლიბრეტოს (ლიტერატურულ-სემანტიკური ნაწილის), მუსიკისა და ცეკვის მექანიკური ჯამი. სცენოგრაფია გულისხმობს მუსიკალურ სპექტაკლში თანაავტორობას, ე.ი. სპექტაკლის კონცეპტუალურ მოაზრებას, სემანტიკის, ცხოვრებისეული საზრისის, მოძრაობის, დიზაინის, ტექტონიკისა და მუსიკის სრულ ორგანულ ერთიანობას, ურთიერთაუცილებელ კავშირებს. და სოლიკო ვირსალაძე სწორედ ამ სინთეზის უბადლო ოსტატი გახლდათ. მის კოსტიუმებსა თუ დეკორაციებს, ესკიზებსა თუ მაკეტებს უზარმაზარი მხატვრულ-ფერწერული, გარკვეულწილად თავისთავადი ესთეტიკური ღირებულებები გააჩნდა და გააჩნია, მაგრამ მთავარი სიღრმე, შინაარსი სწორედ სინთეზში მიიღწევა. სოლიკო ვირსალაძეს შეეძლო ყოფილიყო დაზგური ფერწერის დიდოსტატიც. ეს მისი ესკიზების თვალის ერთი შევლებითაც ნათლად ჩანს, მაგრამ სწორედ დიდი კონცეპტუალური მსოფლხედვა უბიძგებდა მას ეთქვა, ესკიზი არაფერია – მე ვარ იქ – სცენაზე. მე მქონდა ბედნიერება, მენახა სოლიკო ვირსალაძე მუშაობის პროცესში. ხშირად ისეთი ულამაზესი ესკიზები დაუჭმუჭნია და გადაუგდია, გული გაგისკდებოდა. ცხადია, მან იცოდა, რას აკეთებდა. იგი იყო აბსოლუტურად უკომპრომისო საქმესა და მოქალაქეობრივ ეთიკაში, ქართველობაში. შეიძლება ვინმე დაეჭვდეს – საიდან? მისი ნამუშევრების უმეტესობა ხომ რუსეთის ოპერისა და ბალეტის თეატრების სცენაზე ხორციელდებოდა. პირველ რიგში, მოსკოვის დიდ თეატრში, აგრეთვე, სანქტ-პეტერბურგში (მაშინდელი ლენინგრადი), ნოვოსიბირსკში და პრაქტიკულად მსოფლიოს ყველა წამყვან კულტურულ დედაქალაქში: პარიზში, რომში, მილანში, სტოკჰოლმში, ტოკიოში და ა. შ. ცხადია, რუსეთის კულტურამ, პირველ რიგში მუსიკამ, ბალეტმა მას ბევრი მისცა. ამასთან, იგი გახლდათ ფართო ესთეტიკური ცოდნის მქონე ხელოვანი. აღმოსავლეთი თუ დასავლეთი, თანამედროვეობა თუ ისტორია, ლიტერატურა, კინოც კი, ეს ყველაფერი მას სიღრმისეულად ჰქონდა ათვისებული და გათავისებული. და მაინც, მისი ნიჭი თავისი ფესვებით ქართულ სამყაროშია და ქართული კულტურიდან მოდიოდა. ეს კარგად ვიცი მისი დამოკიდებულებიდან სამშობლოსადმი, და ეს არსებითია მხატვრის შემოქმედებაშიც. მას ხშირად უთქვამს: – როგორ მაღიზიანებენ ეს ღიპიანი ქართველები, თვითკმაყოფილები რომ დგანან თავიანთ მანქანებთან და თითით გასაღებს ატრიალებენო. მაგრამ როდესაც გასული საუკუნის 80-იანი წლების მიწურულს ეროვნული მოძრაობა დაიწყო და აქციები იმართებოდა, იგი უკვე უკურნებელი სენით დაავადებული ამოდიოდა თავისი სახლი-სახელოსნოდან მთავრობის სახლთან და ამ აქციებს უყურებდა. ერთ-ერთი ასეთი აქციის დროს, 1988 წელს, მხატვარს თვალზე ცრემლი მოსდგომია და უთქვამს: „Нация жива!“ სოლიკო ვირსალაძემ ძალიან ღირსეულად მიიღო ბედის დარტყმა, უკურნებელი სენი და ასევე წავიდა ამქვეყნიდან, მე მის თვალებზე ცრემლი არ მინახავს, თუნდაც მისი დების გარდაცვალებაზე. დებისა, რომელთა შესახებაც ასე თქვა: – თქვენ მე ყველანი ძალიან მიყვარხართ, მაგრამ ყველაზე ძვირფასი მაინც ჩემი დები არიან. მათ გარეშე უმძიმეს წლებს ვერ გავუძლებდი... რამდენად მნიშვნელოვანი იყო ქართული ხედვა მისი შემოქმედებისთვის, ამაზე ქვემოთ მოგახსენებთ, მაგრამ საქართველო მართლაც უსაზღვროდ უყვარდა. შემოვლილი ჰქონდა ქვეყნის ყველა კუთხე-კუნჭული, ცხენითა და ფეხით შემოიარა 1 Игнатьев А. А. Пятьдесят лет в строю. М.: Воениздат, 1986 მთელი სვანეთი. მე მაშინ თითქმის ბავშვი, ყრმა ვიყავი (ჩვენ, ის და მე დედამ წაგვიყვანა. დედა სვანეთის კედლის მხატვრობის სპეციალისტი იყო) და ვხედავდი, როგორ იმსჭვალებოდა იგი ამ კუთხის უზარმაზარი ხიბლით. მახსოვს აგრეთვე მისი სიტყვები: – ასეთი კომპლექსები, როგორიც ატენისა და ყინწვისის მოხატულობებია, მსოფლიოში ერთი-ორი თუ იქნება. ეს ჩვენმა შვილებმა ბავშვობიდანვე უნდა შეისისხლხორცონო... ხოლო რამხელა მნიშვნელობა ჰქონდა მისთვის ნიკო ფიროსმანაშვილის მხატვრობას, ეს ყველამ იცის, ვინც კი მისი შემოქმედებით დაინტერესებულა. – ნიკო ფიროსმანაშვილი ჩემთვის ერის შემოქმედებითი პოტენციის განსახიერებაა! – მითხრა მან ერთხელ და დასძინა, – და კიდევ! ეჰ, ჟენია (ევგენი მიქელაძე) რომ არ დაეხვრიტათ, ვახტანგი (ჭაბუკიანი), ჟენია და მე მსოფლიოს ერთერთ საუკეთესო მუსიკალურ თეატრს შევქმნიდით! ვერაფრით ურიგდებოდა სიყალბეს, სენტიმენტალობას, პოეტური იგი სცენაზე იყო. არასოდეს არ ულაპარაკია ღმერთზე, რწმენაზე... ერთხელ პირდაპირ პირი დავაღე, ისე გამაოცა მისმა სიტყვებმა. მუშაობდა, უცებ შეწყვიტა და მომიტრიალდა: – მე კი ვიცი, რომ იქ რაღაც არის, – თქვა დარწმუნებით და ოდნავ სევდიანად, – მაგრამ აი, გნახავთ იქ თქვენ, ყველას?! გავშრი, ვერაფერი ვთქვი... ან კი რა უნდა მეთქვა? ალბათ, ერთ-ერთი უმთავრესი თვისება მისი ბუნებისა იყო გასაოცარი (ჩემთვის თითქმის წარმოუდგენელი) მიზანდასახულობა. მან თითქოს ყოველთვის იცოდა, რა უნდოდა და როგორ უნდა მიეღწია მიზნისთვის. ბოლშევიკებს ორგანულად ვერ იტანდა, არასოდეს არ წასულა მათთან კომპრომისზე. კარგად იცოდა, რა საშინელ ძალასთან ჰქონდა საქმე და ცდილობდა ამ პირობებშიც გაეკეთებინა მაქსიმუმი ზედმეტი ბაქიბუქის გარეშე. ერთხელ, როდესაც მორიგ ტირადას წარმოვთქვამდი, გამაჩერა და წყნარად მითხრა: – თუ რამე შეგიძლია გააკეთო, მიდი! თუ არადა, ტყუილად ნუ ხმაურობ!.. ეს კარგად დავიმახსოვრე... მოქალაქეობრივ პლანში ერთხელ დავინახე მისი აღშფოთება და მძაფრი რეაქცია. როცა გაიგო საბჭოთა ჯარების მიერ პრაღის დაკავება (1968 წელს), გაფითრდა და კბილებში გამოცრა: „Сволочи!“ შემოქმედებით პლანში, თვითრეალიზაციის თვალსაზრისით, მისი გზა, ცხადია, იოლი არ ყოფილა, მაგრამ გამოირჩეოდა მკაფიო მიზანდასახულობით. ჯერ კიდევ სკოლაში სწავლისას იგი გადიოდა ხატვის კურსებს მოსე თოიძის საღამოს სტუდიაში და თან ქორეოგრაფიულ სტუდიაშიც მეცადინეობდა. 1927 წელს ჩააბარა თბილისის სამხატვრო აკადემიაში, სადაც მას იოსებ შარლემანი ასწავლიდა. ჯერ კიდევ პირველკურსელი იგი აფორმებს რამდენიმე სპექტაკლს ახალგაზრდა მუშათა თეატრში. გასული საუკუნის 20-იან წლებში გავრცელებული ტენდენციით მუშაობს კონსტრუქტივისტულ პლანში. შემდგომში მკვეთრად იცვლის სტილისტიკას და ხდება მკაფიოდ გამოხატული ფერწერული ტენდენციების მქონე თეატრალური მხატვარი, მაგრამ კონსტრუქტივიზმიდან მან საჭირო გაკვეთილები მაინც გამოიტანა. პირველ რიგში, ეს ეხება სასცენო სივრცის მკაფიო ორგანიზებას. სპეციალური ფაკულტეტი თეატრალური მხატვრობის ასათვისებლად მაშინ თბილისის სამხატვრო აკადემიაში არ იყო და ამიტომ მიემგზავრება რუსეთში. 1928 წელს იგი ირიცხება მოსკოვის სამხატვრო-ტექნიკურ ინსტიტუტში თეატრალური ფერწერის განყოფილებაზე. 1930 წელს ეს განყოფილება შეუერთდა ლენინგრადის სამხატვრო აკადემიას. მან ლენინგრადში გააგრძელა სწავლა მიხაილ ბობიშევის კლასში, რომელიც 1931 წელს დაამთავრა. მოსკოვსა და ლენინგრადში სწავლის პერიოდში ახალგაზრდა მხატვრისთვის უაღრესად ნაყოფიერი გამოდგა ურთიერთობა ისააკ რაბინოვიჩთან, დიდი ნიჭისა და გაქანების მხატვართან, ნოვატორთან, შემოქმედთან. ისააკ რაბინოვიჩთან სოლიკო ვირსალაძეს აახლოებდა მუსიკალური თეატრის გააზრება, კონცეფცია სწორედ სცენოგრაფიული თვალსაზრისით. გასული საუკუნის 20-30-იანი წლებისთვის უკვე მუშაობდა საბჭოთა იდეოლოგიური მანქანა, რომლისთვისაც კულტურის ყველა სფერო, მათ შორის ხელოვნება და ცხადია, თეატრიც, პირველ რიგში უნდა ჩამდგარიყო სახელმწიფოს სამსახურში. მთელი ძალით ამუშავდა ცნობილი „ძალაუფლების ტექნოლოგია“. ხელოვნების იდეურ-ემოციური, მსოფლმხედველობრივი ზემოქმედების ძალა ნათელი იყო ხელისუფლებისთვის: ყველა და ყველაფერი უნდა ემსახუროს კომუნისტური რეჟიმის გამყარებას. ამგვარმა, იდეოლოგიზებულმა მიდგომამ ხელი შეუწყო მთლიანად ხელოვნებაში და რაღა თქმა უნდა, მხატვრობაშიც ნატურალისტური ტენდენციების გაძლიერებას. ერთი მხრივ თეატრი, მით უმეტეს, მუსიკალური, უბრალოდ მოითხოვდა სპეციფიკურ პირობით ენას; შინაარსი, მსოფლხედვა უნდა გადმოიცეს დარგის, სფეროს – იმავე ოპერისა თუ ბალეტის ენაზე: ოპერაში უნდა იმღერო, ბალეტში იცეკვო. ერთი მხრივ, აღნიშნული სპეციფიკა იმდენად ნათელია, რომ მისი სრული გვერდის ავლა უბრალოდ წარმოუდგენელი გახლდათ. ბოლოს და ბოლოს, არ შეიძლებოდა ცეკვის პანტომიმამდე დაყვანა, დეკორაციათა ნატურალისტური წარმოდგენა. დიდი ოსტატები, რომელთა შორისაც იყო ისააკ რაბინოვიჩი, ახერხებდნენ იდეოლოგიზაციისა და ცენზურის მიუხედავად მაინც შეექმნათ მხატვრულად მნიშვნელოვანი ნაწარმოებები. სოლიკო ვირსალაძე ის მხატვარი გახლდათ, რომელსაც ჰქონდა სწორი, ღრმად გააზრებული მიდგომა ხელოვნების და კერძოდ, ბალეტის ენასთან. 30-იანი, განსაკუთრებით კი 40-იანი წლები ამ მხრივ არ იყო ადვილი! დიახ, არ იყო ადვილი საკუთარი პრინციპების დაცვა. სოლიკო ვირსალაძე სწორედ ის მხატვარი იყო, რომელმაც შეძლო საერთო ჯამში ეკეთებინა ის, რაც სურდა, როგორც სწამდა და სჯეროდა. ამაში მას, რა თქმა უნდა, დაეხმარნენ ის დიდი ოსტატები, რომელთა სკოლაც თავად გაიარა, ჯერ ისააკ რაბინოვიჩთან, შემდეგ კი მიხაილ ბობიშევთან, რომლის კლასშიც დაამთავრა სამხატვრო აკადემია. იმ, 30-იან წლებში ლენინგრადში კვლავ იდგმებოდა სპექტაკლები, გაფორმებული ისეთი ფერმწერების მიერ, როგორებიც იყვნენ კონსტანტინ კოროვინი და ალექსანდრ გოლოვინი. სოლიკო ვირსალაძის შემოქმედებაში, შეიძლება ითქვას, ორგანულად იყო ჩადებული მისი გასაოცარი ნიჭი მუსიკალური და კოლორისტულ- - 5 - - 6 - ფერწერულ ენათა სინთეზისა, მაგრამ ლენინგრადში, რა თქმა უნდა, მხატვარმა საუკეთესო სკოლა გაიარა. წინსწრებით მინდა აღვნიშნო, რომ ერთგულება საკუთარი მხატვრული პრინციპებისადმი ასე ადვილიც არ ყოფილა. იყო მკაცრი ჩარევის არაერთი შემთხვევა, როდესაც პირდაპირი გაგებით, გაუფუჭებიათ ამა თუ იმ სპექტაკლის გაფორმება. კარგად მახსოვს მისი სიტყვები: „ნუ წუწუნებ, იყავი მტკიცე, მიზანდასახული, და პირველ რიგში, შენს საქმეში! შენ რა გგონია, მე ცოტა სისხლი გამიშრეს, ცოტა რამე გამიფუჭეს? ყოველთვის ერთნაირად წარმატებული ვერ იქნები, მაგრამ წუწუნი გამოსავალი არ არის. მუშაობა, მუშაობა ყოველგვარ პირობებში – მხოლოდ ეს არის წამალი! თუ არადა, პოზაში დგომა ადვილია, თან ეს ტყუილი როდია“.

იხილეთ ელექტრონული წიგნი

GEODANCE.GE - 15-03-2021, 14:58

FACEBOOK კომენტარები