fbpx

რას ეწოდება „ქორეოგრაფიული ანსამბლი“

„ანსამბლი“ -„ენსემბლე“ ფრანგული სიტყვაა და ნიშნავს ერთად, ერთიანად, მწყობრად, მთლიანად. ჩვეულებრივ საუბარში იგი გამოხატავს ბუნებისა და ადამიანების, შენობა-ნაგებობის, ქუჩების, ხელოვნურად გაშენებული მწვანე ნარგავებისა თუ სატრანსპორტო მიმოსვლის მთლიანობას, ან კიდევ შემოქმედებითი კოლექტივის ერთობლივ საქმიანობას. ანსამბლი, ანსამბლურობა, შეთანხმებულობა საჭიროა ხელოვნების ყველა დარგში მათ შორის მუსიკაში, თეატრსა და ქორეოგრაფიაში. მოცეკვავეთა ანსამბლი ეს არის ერთი მიზნით გაერთიანებული, ერთი ამოცანით დამუხტული შემსრულებლების მწყობრად მოქმედი ჯგუფი. ისინი დასახულ მიზანს სწორედ ანსამბლისათვის დამახასიათებელი ურთიერთშეთანხმებული და სინქრონული მოქმედებებით აღწევენ. ანსამბლურობა აუცილებელია მაშინაც, როდესაც სცენაზე თუნდაც ორკაციანი ჯგუფი გამოდის და მაშინაც, როდესაც შემსრულებელთა რიცხვი 6 ათეულებს აჭარბებს. ანსამბლის ყველა წევრი თვალ-ყურს უნდა ადევნებდეს დანარჩენთა მოძრაობას, მათი ხელისა და ფეხის პოზიციებს, უსმენდეს მუსიკის ტაქტების ცვალებადობას და ისე გადადიოდეს ერთი მოძრაობიდან მეორეზე. მას არ უნდა გამოეპაროს ცეკვის დასაწისი და დასასრული, ასევე მაყურებლის პატივსაცემად თუ მადლობის გადასახდელად გაკეთებული ჟესტების (ვთქვათ თავის დახრა, ხელის ქნევით მისალმება…) სინქრონულობა და სხვა ნიუანსები. უნდა გვახსოვდეს, რომ ანსამბლურობაში, ანსამბლში ჩანს მის წევრებს შორის არსებული ჯანსაღი ურთიერთობები, მასწავლებლის შრომის შედეგი, მონაწილეთა აღზრდილობა და მათი პიროვნული კულტურა. ჩვენს ქვეყანაში თითქმის ერთი საუკუნეა მრავალი სახელოვანი ქორეოგრაფიული (იგივე ცეკვის) ან კიდევ „სიმღერისა და ცეკვის ანსამბლი“ მოღვაწეობს. მათ შორისაა: „სუხიშვილების“ ანსამბლი, „ერისიონი“, „რუსთავი“. ასევე დიდ საქმეს აკეთებენ ცალკეულ გუბერნიებსა და მუნიციპალიტეტებთან არსებული ანსამბლები. დიდ და სახელოვან ანსამბლებს „აკადემიური“ ანსამბლის წოდება აქვთ მინიჭებული და ქვეყნის კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებაში იმყოფებიან. წოდება „აკადემიური“ მოცემულ შემთხვევაში იმას ნიშნავს, რომ ასეთი ანსამბლის საქმიანობა არის სანიმუშო, სხვისთვის მისაბაძი და გზის მაჩვენებელი, დიდი ცოდნის გამცემი, საშემსრულებლო დონით განსაკუთრებით გამორჩეული და საუკეთესო საუკეთესოთა შორის. ძველი საბერძნეთიდან წამოსული ეს წოდება, ევროპაში განსაკუთრებით გავრცელდა XV-XVII საუკუნეებში, როდესაც საზოგადოებრივ სარბიელზე ბევრი ისეთი თეატრალური, მუსიკალური, სამხატვრო და ქორეოგრაფიული გაერთიანებები გამოჩნდა, ვინც მხარს უჭერდა რელიგიის გავლენისაგან თავისუფალ საერო კულტურას. 7 დღეისათვის დიდი სახელმწიფო აკადემიური კოლექტივების გარდა არსებობს თვითმოქმედი, საბავშვო და ახალგაზრდული ანსამბლები. ყველა მათგანს თავისი წვლილი შეაქვს ფოლკლორული ხელოვნების გადარჩენისა და მისი შემდგომი წინსვლის საქმეში. გარდა ფოლკლორული ანსამბლებისა, ასევე არსებობს და წარმატებულ მუშაობასაც ეწევა „კლასიკური ცეკვის“, „საბალეტო ცეკვის“, „მოდერნის“ ტიპის, ან სხვა მსგავსი ანსამბლები. კითხვები და დავალებები: – გაიხსენეთ და იმსჯელეთ თუ რას გულისხმობს, რა შინაარსს იტევს ასეთი გამოთქმები: -„საქალაქო ანსამბლი“; – „არქიტექტურული ანსამბლი“; – „ბუნებისა და საცხოვრებელი სახლების ანსამბლი“; – „სიმღერისა და ცეკვის ანსამბლი“; – „სასცენო მოქმედების ანსამბლურობა“; – „საბავშვო-ქორეოგრაფიული ანსამბლი“; – „აკადემიური ანსამბლი“; – „მოყვარულთა ანსამბლი“; – „ფოლკლორული ანსამბლი“; – „თანამედროვე ცეკვის ანსამბლი“…

Comments

კომენტარები

Like:
0 0
დათვალიერება:
102
სტატიების კატეგორიები:
ანონსიანსამბლიქორეოგრაფია

კომენტარი