fbpx

რა არის ცეკვა?

ჩვენ არაერთხელ აღვნიშნეთ, რომ „ცეკვა“ ან, საზოგადოდ მთელი ქორეოგრაფია ხელოვნების ერთ-ერთი დარგია, მისი ერთერთი სახეობაა და თუ აქ გამოთქმული აზრი სწორია, მაშინ გამოდის, რომ ხელოვნებას სხვა დარგებიც, სხვა სახეებიც ჰქონია. ეს მართლაც ასეა და მოდით გავიხსენოთ თუ რას ვუწოდებთ ხელოვნების დარგებს ან სახეებს. ასეთთა შორისაა: – თეატრი; – კინო; – მუსიკა; – დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნება( ხის, ლითონის, 8 ქვის მხატვრული დამუშავება, ქსოვა, ქარგვა, ორნამენტები და ა.შ.); – მხატვრული ლიტერატურა; – ფერწერა, გრაფიკა, ქანდაკება; – არქიტექტურულ ნაგებობათა ზოგიერთი ნიმუში; – მხატვრული ფოტოგრაფია; – დიზაინი და ა.შ. როგორც ვხედავთ, ცეკვის ხელოვნება სწორედ მათ შორისაა და დანარჩენთაგან იმით განსხვავდება, რომ მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი სამეტყველო ენა, გამოსახვის ხერხები, საშუალებები, მიზნები და ამოცანები გააჩნია. ცეკვა ადამიანის ტანის, ხელების და ფეხების პლასტიკური მოძრაობით შესრულებული აქტივობაა, რომელსაც თან სდევს მუსიკალური თანხლება, ტაში, სიმღერა, ლექსი ან შეძახილები. ცეკვის საშუალებით ადამიანი გამოხატავს უფლისადმი მოკრძალებას, წინაპრისა და ქალისადმი, უფროსისა და სატრფოსადმი პატივისცემას, სიხარულს, იმედს, ბრძოლისათვის მზადყოფნას, შრომის სურვილს, ან კიდევ მწუხარებასა და თანადგომას… ცეკვას მხოლოდ ადამიანი, უფრო სწორედ, გონიერი არსება-ადამიანი ქმნის, თვითონვე მონაწილეობს მასში, ან კიდევ უბრალოდ უყურებს, იმისათვის, რომ სიამოვნება განიცადოს, დატკბეს და გახალისდეს. ცეკვის შექმნა, როგორც ითქვა, მხოლოდ ადამიანს შეუძლია, ფაუნის წარმომადგენლები- ცხოველები, ფრინველები, მწერები და სხვა ცოცხალი არსებები არანაკლებ დახვეწილ მოძრაობებს ასრულებენ და ამ მხრივ, ხშირად ადამიანსაც კი აჭარბებენ, მაგრამ ეს ცეკვად არ შეიძლება ჩაითვალოს. რატომ? იმიტომ, რომ ცხოველ-ფრინველს (საერთოდ ფაუნის წარმომადგენლებს) არ გააჩნიათ აზროვნების უნარი, მათ არ შეუძლიათ დაგეგმონ თავიანთი საქმიანობა და მოქმედება, შეცვალონ მოძრაობის ნახაზი, იფიქრონ მუსიკალურ თანხლებაზე, მის რიტმულ მონაცვლეობაზე, მაყურებლის გემოვნებაზე და ა.შ. მაგალითად, ფუტკარი შესანიშნავ ფიჭას ამზადებს, დელფინი გასაოცარ ნახტომს აკეთებს, მერცხალი დიდი მონდომებით აგებს 9 ბუდეს… ასევე იქცევიან სხვა ნადირ- ფრინველნი, მაგრამ ისინი ამას დღესაც ისევე აკეთებენ, როგორც მათი მსგავსი არსებები იქცეოდნენ მილიონობით წლის უკან. ვერც რაიმეს ამატებენ და ვერც რაიმეს აკლებენ. აკეთებენ იმას, რაც მათ გენეტიკურ პროგრამაშია ოდესღაც ჩადებულ-ჩაწერილი. სულ სხვაა ადამიანი. იგი მოიფიქრებს ცეკვის ნახაზს, შეარჩევს მუსიკალურ თანხლებას, შეარჩევს მონაწილეთა ჯგუფს, კარგად გაიაზრებს რისი თქმა უნდა, გაითვალისწინებს ვინ იქნება მისი მაყურებელი, როგორი გემოვნება აქვს ხალხს, როგორი ჩაცმულობა მოუხდებათ მოცეკვავეებს და მხოლოდ ამის შემდეგ მთელ ამ ნააზრევს სცენაზე საჩვენებლად გამოიტანს. ეს ხდება მაშინ, როდესაც საქმე სასცენო ცეკვას ეხება, მაგრამ ყოველთვის ასე ხომ არ ხდება! ტარდება სახალხო დღესასწაულები, ქორწილნათლობები.., ან უბრალოდ ადამიანური ქეიფია, ვიღაც ტაშს შემოჰკრავს, ვიღაც წინასწარ მომზადებულ დოლს შეახურებს, სადღაც გარმონი და დუდუკი აჭყვიტინდება, შეიკვრება წრე, იწყება ცეკვა, ცერ-ილეთი, გულიანი ბუქნა და ზეიმიც შემდგარია. რაც შეეხება სხვისთვის საჩვენებელ სასცენო ცეკვას, ეს უბრალოდ გართობა აღარ არის. ესაა სერიოზული და მომქანცველი შრომა, რომელსაც უკვე პროფესიონალი ქორეოგრაფის თვალი და მსახიობ-მოცეკვავის უკიდურესი მონდომება-მოწადინება ესაჭიროება. ცეკვა ხომ თითოეული მათგანის ცხოვრების, მათი ყოველდღიური ყოფის ნაწილია. ცეკვა ამავდროულად წარსულსა და მომავალზე ფიქრის გამოხატულებაა. ცეკვაში კარგად ჩანს ამა თუ იმ ხალხის ხასიათი, მისი ბუნება, სიცოცხლის სიყვარული, ტრადიციების ერთგულება და სხვა ამგვარი. სწორედ ამიტომ არის სხვადასხვა ხალხის ცეკვები ერთმანეთისაგან გამორჩეული და განსხვავებული. კითხვები და დავალებები: – ადამიანური საქმიანობის რომელ სფეროს მიეკუთვნება ცეკვა? – რა ფუნქციას ასრულებს ცეკვა ადამიანის ცხოვრებაში? – ვინ ქმნის ცეკვას? – ხელოვნების რომელი დარგების შესახებ გსმენია? (ჩამოთვალეთ) – ჩანს თუ არა ცეკვაში ხალხის ხასიათი? – ყველა ხალხის მიერ შექმნილი ცეკვა ერთნაირია? – ეცადე შენს მეგობრებს განუმარტო „რა არის ცეკვა“

Comments

კომენტარები

Like:
0 0
დათვალიერება:
98
სტატიების კატეგორიები:
ანონსისიახლეებიქორეოგრაფია

კომენტარი