fbpx

სიმეტრია და რიტმი ქორეოგრაფიაში

სიმეტრია და რიტმი ქორეოგრაფიაში

კომპოზიციაზე საუბრისას ჩვენ გავიგეთ თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს ცეკვის მთლიანობას, ნაწილების ერთმანეთთან შეწყობას, მათ დაკავშირებას და ჰარმონიულ დალაგებას. აუცილებელია დავიმახსოვროთ, რომ კომპოზიციის მთლიანობისა და ჰარმონიულობის მისაღწევად, უფრო სწორად კი მისი ცეკვის შინაარსის აგება-დალაგებისათვის აუცილებელია სიმეტრიის კანონების გათვალისწინება და რიტმული თანმიმდევრობის დაცვა. ეხლა ვნახოთ რა არის სიმეტრია და რა არის რიტმი. როდესაც ცეკვას ვიწყებთ მასწავლებელი ყოველთვის გაფრთხილებთ: გახსოვდეთ მაყურებელი საიდან გიყურებსო! სავარჯიშო დარბაზში ჩვენ სარკეებს ვუყურებთ და ასე ვაკონტროლებთ საკუთარ მოძრაობებს. სიტუაცია იცლება როდესაც სცენაზე ვდგავართ. უკან და გვერდებზე კულისებია, წინ კი ხალხით სავსე დარბაზია. თუ ყველა მოცეკვავე ერთ მხარეს დადგება, მეორე მხარე გაშიშვლდება, წონასწორობა დაირღვევა და საერთო შთაბეჭდილებაც გაფერმკრთალდება. იგივე მოხდება თუ წონასწორობა დაცული არ იქნება წინა და უკანა ხაზებს, ასევე მარჯვენა და მარცხენა მხარეებს შორის. ალბათ დაკვირვებიხართ – სარეპეტიციო დარბაზში, ასევე საკონცერტო სცენაზე საგანგებოდ არის მონიშნული ცენტრი. მასწავლებელიც მალ-მალე შეგვახსენებს – „ყურადღება მიაქციეთ ცენტრს“, „უყურეთ ცენტრის ხაზს“ და ა.შ. აი, სწორედ ამ ცენტრის გასწვრივ, თანაც მის ყოველ მხარეს თანაბრად უნდა განაწილდეს მოცეკვავეთა მთელი მასა. ამით სიმეტრიული განლაგება დაცული იქნება. გვახსოვდეს: სიმეტრია ეწოდება მარჯვენა და მარცხენა მხარეების, ან კიდევ წინა და უკანა ნაწილებს შორის მიღწეულ 34 თანაბარზომიერებას, მათ შორის წონასწორობის დაცვას. სიმეტრიულობა ბუნების ერთ-ერთი ძირითადი თვისებაა. დააკვირდით ხეებს, ფოთლებს, ყვავილებს, მწერებს და ცხოველებს… ნახეთ როგორი სიმეტრიული და გაწონასწორებულია მათი აღნაგობა-მოძრაობა. ნებისმიერი ხე ცენტრალური ღერძის ირგვლივ ვითარდება, ასევეა ყვავილები, პეპელები, ფრინველები… ბუნებაში ზოგჯერ ისეც ხდება, რომ რომელიღაც ხე შეიძლეება ცალმხრივად იყოს გაზრდილ-გადახრილი. ეს აბეზარი ქარის ბრალია. ქარი რომ არა, ხე სიმეტრიულად გაწონასწორებული გაიზრდებოდა. დაახლოებით ასეთივე მოვლენები ხდება სცენაზე სპექტაკლის ან საცეკვაო ნომრის შესრულებისას. სიმეტრიულ კომპოზიციაში ყველაფერი, ყველა ნაწილი მისთვის განკუთვნილ ადგილზე დგას, ამიტომაც აქ იგრძნობა სიმშვიდე, წესრიგი და სიწყნარე. ეს ყველაფერი მაყურებლისათვის ძალიან სასიამოვნოა, მაგრამ როგორღა უნდა მოიქცეს ქორეოგრაფი თუ მას სურს გადმოსცეს დაძაბულობა, აქტიური მოძრაობა? აქ ქორეოგრაფსა და მოცეკვავეებს რიტმი ეხმარება. რიტმის, რიტმულობის მისაღწევად ქორეოგრაფი მოცეკვავეებისაგან მოითხოვს ერთი და იგივე ელემენტის გამეორებას. განმეორებადი მუსიკალური რიტმი, მოძრაობა, სხვადასხვა ტემპში მათი დალაგება ცეკვის კომპოზიციას მატებს დაძაბულობასა და დინამიკას. ბავშვზე, მოცეკვავეზე რიტმული ელემენტების განმეორებით მიღებული შედეგების ეფექტურობას, ეფექტს და მის თავისებურებებს სწავლობს რიტმიკა. ამრიგად, გამოდის, რომ რიტმი ეს არის ცალკეული ნაწილების თანმიმდევრული გამეორება სათანადო მუსიკალური თანხლების ფონზე.

Comments

კომენტარები

Like:
0 0
დათვალიერება:
97
სტატიების კატეგორიები:
ანონსიქორეოგრაფია

კომენტარი